მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე სუბიექტების საქმიანობის შესახებ კვლევას ჩაატარებს

5cbb2fa9a6b09
ლიკა გურაბანიძე
20.04.19 19:00
685
“მიმდინარე წლის ნოემბერში ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობა შეფასდება“, - ამის შესახებ bm.ge-ის “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა.

როგორც თოდრაძე აღნიშნავს, კვლევაში საქართველოს მასშტაბით 45 000-მდე მოვაჭრე გამოიკითხება.

“ჩვენ ბიზნეს სექტორის რეგულარული კვლევების საფუძველზე ყოველკვარტლურად ვაჭრობის დარგის სტატისტიკურ შეფასებას ვადგენთ, მაგრამ რაც შეეხება ბაზრებსა და ბაზრობებს, რომელსაც საცალო ვაჭრობის დარგში, ასევე არსებითი წილი უჭირავს, მათი გამოკითხვა მათივე რაოდენობიდან გამომდინარე ანუ ძირეული სტატისტიკური ინტერვიუს ჩატარება ტექნიკური დეტალების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის შეფასება სპეციალიზირებული გამოკვლევით ხდება, რომელსაც საქსტატი 5 წელიწადში ერთხელ ატარებს.

ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრეთა რაოდენობა 45 000-მდეა, ქვეყანაში სხვადასხვა სპეციალიზაციის დაახლოებით, 205 ბაზარი და ბაზრობა ფიქსირდება და მათი შეფასების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევის ორგანიზებას ვგეგმავთ, რომლის საფუძველზეც ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეგროვდება”, - განაცხადა თოდრაძემ.

მისივე განმარტებით, სუბიექტების გამოკითხვა აღნიშნულ დარგში არსებული ინფორმაციის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ამ სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბებს შეამცირებს.

გოგიტა თოდრაძემ გამოკითხვის სპეციფიკაზეც ისაუბრა.

“საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ინფორმაციას ბაზრებსა და ბაზრობებზე არსებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობის შესახებ სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით მივიღებთ. ამ შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეული ინტერვიუერი მივა შერჩეულ ბაზრებსა და ბაზრობებზე და სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეფასებას მოახდენს“, - განაცხადა “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა.