მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

5d3544d2e1648
დავით ჯალაღონია
22.07.19 09:00
1008
მეღვინეობებისა და მწარმოებელი კომპანიების სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების საკონსულტაციო "აქტო ჯგუფის" გენერალური დირექტორის გიორგი ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოს ღვინის სამი უდიდესი იმპორტიორი ქვეყნების ბაზრები ასათვისებელი აქვს. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი.

"დღეს დივერსიფიცირების შესაძლებლობა შეიძლება შემდეგ ნაწილებად გავყოთ – ეს არის დსთ–ის ქვეყნები, აზიის ბაზარი, სადაც დღეს ძალიან კარგი მაგალითია ჩინეთის სახით და კიდევ უფრო კარგი მაგალითი – ევროპაში, პოლონეთის სახით. პოლონეთი ბოლო წლების განმავლობაში იყო ხუთეულში, როგორც საქართველოდან ღვინის საექსპორტო ბაზარი, 2019 წელს კი ყახაზეთს გადაასწრო და არის ოთხეულში, ანუ პოლონეთის ბაზარზე ზრდა სტაბილურად 20%–ზე მეტია.

დამკვიდრებისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის, ბრენდის პოპულარიზაციისთვის დრო გვჭირდება, ძალიან დიდი მოცულობის მარკეტინგულ ძალისხმევას საჭიროებენ პირველ რიგში მსხვილი კომპანიები, რომ ავითვისოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრები. ჩვენ დღეს ტოპ–3 ღვინის იმპორტიორ ქვეყანასთან ფაქტობრივად არ ვთანამშრომლობთ, ეს არის აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი, სადაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს", – განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318).