მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის (ფოტო)

569799c93861c
BM.GE
14.01.16 16:45
4063
საქართველოში წარმოებული 13 სხვადასხვა დასახელების მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის. ამ მიზნით, ქსნის მინის ტარის ქარხანაში ჩამოსულია მსხვილი იტალიური კონცერნის „Societa di Santa Aerallba“-ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართულ საწარმოში ხარისხის კონტროლის და წარმოების პროცესის ჰარმონიზაციის მონიტორინგს აწარმოებენ. საწყის ეტაპზე, იგეგმება იტალიის ბაზარზე, ჯამურად, 25 მილიონი ბოთლის ტრანსპორტირება, მომავალში კი ამ მაჩვენებლის გაზრდაა დაგეგმილი.

ქსნის მინის ტარის ქარხანას დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ეწვია. მან დაათვალიერა ქართული საწარმო, გაესაუბრა საწარმოს ხელმძღვანელებს, მოისმინა მათგან ინფორმაცია კომპანიის განვითარების შესახებ და მოისმინა იტალიური კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრება ქსნის მინის ტარის ქარხანაში წარმოებული პროდუქციაზე.

ქსნის მინის ტარის ქარხნის მფლობელ კომპანიას სს „მინას“ იტალიურმა კონცერნმა „Societa di Santa Aerallba“-მ, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასმელი წყლის წარმოებაა, ქართულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

იტალიაში ექსპორტისთვის შეიქმნა რამდენიმე საგანგებო ფორმის, მასალისა და ფერის ბოთლი, რომელიც ექსკლუზიურად დამზადდა. მინის ნაწარმის დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროფესიონალები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნულს ხელი შეუწყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ ევროკავშირთან. „როგორც იცით, ასოცირების ფარგლებში ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან. ეს სწორედ ის მაგალითია, რომლის შედეგსაც ჩვენ ველოდებით. კიდევ უფრო მეტ მეწარმეს შეეძლება, სათანადო ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს,“ - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

სს „მინის“ პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც გადის. ქართული მინის კომპანიაში ამჟამად 280 ადამიანი მუშაობს და საქართველოს და საექსპორტო ბაზრისთვის 60 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს.