14.აგვისტო .2019 16:40

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაადო

views 3165
უკან

დღეს, ძალაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციების განახლებული სია, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაც შედის.

აშშ-ის ფედერალური სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს “ჯორჯია პეტროქემიკალ ენდ ავიატექ”-ის (Georgia Petrochemical and Aviatech) წინააღმდეგ აშშ-ის ეკონომიკური სანქციების პაკეტი გავრცელდა, რაც ამერიკულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მასთან ნებისმიერი სახის გარიგების დადებას აუკრძალავს.

საქმე ირანის ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდებას უკავშირდება. 2016 წლის თებერვალში ილინოისის შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქე საიდ ვალადბეიგი მასთან დაკავშირებული კომპანიების ფართო ქსელის მეშვეობით, წლების განმავლობაში ეწეოდა ამერიკული წარმოების მეტალურგიული პროდუქტების ექსპორტს ირანში, რაც აკრძალულ საქმიანობას წარმოადგენს. მათ შორის ერთ-ერთი კომპანია ვალადბეიგის მიერ 2008 წლის 13 მარტს, საქართველოში დაფუძნებული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech-იც იყო.

გამოძიების მასალების მიხედვით, ქართულ კომპანიასთან ერთად, ვალადბეიგი ამასთანავე, ფლობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებულ კომპანიებს - Super Alloys LLC და Emirates Alloys LLC, ამასთანავე, მალაიზიაში რეგისტრირებულ კომპანიას NBH Industries-ს. ამ კომპანიებს შორის დადებული გარიგებებით, კი ვალადბეიგი ამერიკული წარმოების მეტალურგიულ პროდუქციას ირანში აგზავნიდა.

როგორც ცნობილია, ვალადბეიგიმ სანქციების გვერდის ავლით ორმაგი დანიშნულების საქონელის ექსპორტი რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2007 წელს მას აშშ-ის საბაჟო დეპარტამენტმა მას ექსპორტის ოპერაციის განხორციელების უფლება არ მისცა. ვალადბეიგი ამ დროს 7,075 ტონა გამყარებული ალუმინის მილების ექსპორტს გაერთიანებულ საემიროებში გეგმავდა, მყიდველი მისი კომპანია Super Alloys LLC იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გადაამოწმეს რომ ამ კომპანიის დირექტორი ირანის მოქალაქე იყო, აღნიშნული ოპერაცია დაბლოკეს.

2011 წელს კი ვალადბეიგიმ ანალოგიური ოპერაცია ბელგიური კომპანიის გავლით განახორციელა, სადაც მას რამდენიმე თანამზრახველი ჰყავდა.

2009 წლის მარტში კი ილინოისის შტატში მდებარე მეტალურგიული კომპანიისგან ვალადბეიგის მიერ დაფუძნებულმა ქართულმა კომპანიამ - “ჯორჯია პეტროქემიკალ ენდ ავიატექ”-მა (“ავიატექი” კომპანიის დასახელებაში სავარაუდოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ ტიტანი ზოგიერთი თვითმფრინავის ფიუზელაჟის წარმოებაში გამოიყენება, თავად კომპანია სინამდვილეში ფიქტიური იყო). 2009 წლის მაისში საქართველოში მიღებული საქონლის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რე-ექსპორტი განხორციელდა. UAE-დან კი, პროდუქცია მალაიზიაში გაიგზავნა, საიდანაც მისი ირანში ექსპორტირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა