29.აპრილი .2016 17:45

საქართველოში მეურნეობების 77% მცირემიწიანია

views 1309
უკან

საყოველთაო აღწერის შედეგად, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირდა 642.2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640.0 ათასი - შინამეურნეობა და 2.2 ათასი - იურიდიული პირი. მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ. რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19.6%), კახეთსა (15.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (13.3%) დაფიქსირდა. 
 
მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს - არ აქვს.

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში არის 842.3 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მათ შორის 87.2% (734.8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12.8% (107.5 ათასი ჰა) - დროებით სარგებლობაში.

მეურნეობების სარგებლობაში 787.7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის 86.5% (681.1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13.5% (106.6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაშია.

მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მეურნეობების სამ მეოთხედზე მეტს (77.1%) სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათზე სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21.5% მოდის. მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 40.1% - კახეთში, 15.5% - ქვემო ქართლში, ხოლო 9.7% სამცხე-ჯავახეთშია.

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფართობის მიხედვით ყველაზე მსხვილი მეურნეობები კახეთში (3.6 ჰა), სამცხე-ჯავახეთსა (2.2 ჰა) და ქვემო ქართლშია (1.8 ჰა)