მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

5cbd72ab8ac31
თელარა გელანტია
22.04.19 11:50
895
ხვალ, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ საქართველოში 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

„ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა მოხდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე მასშტაბური კვლევაა მსოფლიოში. ქვეყნის მასშტაბით, შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვის ვენური სისხლის ნიმუში, რომელიც გაიგზავნა ევროპის წამყვან ლაბორატორიაში, იტალიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორია საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, გარკვეული ინტერვენციები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).

კვლევის პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე დაესწრებიან.

გარდა ამისა, პრეზენტაციას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე გოტრფიდ ჰანე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი ალესანდრო ალიმონტი დაესწრებიან.

ღონისძიება ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.