მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სახალხო დამცველი რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

5d0f600d62e3c
BM.GE
23.06.19 15:17
1306
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს არც ერთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

ipn.ge