მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ევროს მიმზიდველობა იზრდება

5cc19e1bef276
შოთა ტყეშელაშვილი
25.04.19 15:55
914
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ევროს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 6.41%-ს შეადგენს, რაც დოლარის სესხთან შედარებით უფრო იაფია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროს სესხების საპროცენტო განაკვეთები დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულებაზე სწრაფად შემცირდა, შედეგად, საქართველოს კომერციული სექტორისთვის ევროს მიმზიდველობა გაიზარდა. შედარებისთვის, დოლარის სესხის განაკვეთი უახლესი სტატისტიკის მიხედვით 8.92%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის სესხებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იურიდიული პირების ლარის სესხების საშუალო განაკვეთი 11.72%-ა.

განაკვეთის შემცირებას ბუნებრივი შედეგი მოყვა - ევროს საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა გაზარდა. 2019 წლის თებერვალში საქართველოში $215 მილიონის (580 მლნ ლარის) მოცულობის აშშ დოლარში ნომინირებული სესხი გაიცა, ევროს სესხებმა კი €133 მილიონი (404 მლნ ლარი) შეადგინა. შედეგად, ევროსა და დოლარში გაცემულ სესხებს შორის სხვაობა 176 მილიონ ლარამდე შემცირდა, როდესაც ის სხვა თვეებში საშუალოდ 400-500 მილიონ ლარს შეადგენდა.

იურიდიულ პირებზე გაცემული ევროს სესხების მთლიანი პორტფელის მოცულობა, დოლართან შედარებით კვლავ სამჯერ მცირეა. ამჟამად იურიდიული პირების ერვოს სესხების ჯამური ნაშთი 1.97 მილიარდ ლარს შეადგენს, დოლარის სესხების ნაშთი 6.7 მილიარდი ლარი, ლარის კორპორატიული სესხების ნაშთი კი 3.5 მილიარდია.