მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოსახლეობის 50%-ს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს

56c18276d3dfa
BM.GE
15.02.16 11:39
2343
შინამეურნეობათა სასურსათო ხარჯის წილი საშუალოდ ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის 50%-ს შეადგენს, - საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მონაცემებზე კვლევას OXFAM-ი აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, თბილისის მოსახლეობას უფრო მაღალი შემოსავლები აქვს და უფრო მეტ ფულს ხარჯავს სურსათზე ვიდრე რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობა.
 
სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობა შეფასდა ისეთი ეკონომიკური ინდიკატორით, როგორიც არის შინამეურნეობების მიერ სურსათზე გაწეული ხარჯი და სასურსათო და არასასურსათო ხარჯის თანაფარდობა.

"შინამეურნეობების სურსათზე ხელმისაწვდომობა ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით გაანალიზდა FAO/FANTA-ს მეთოდოლოგიის საფუძველზე: კვლევაში მონაწილე შინამეურნეობები დაიყო 3 თანაბარ ნაწილად (33%) - "დაბალი", "საშუალო" და "მაღალ შემოსავლიანი" შინამეურნეობები.

"დაბალ შემოსავლიან" ჯგუფში მოხვდა კვლევაში მონაწილე ის შინამეურნეობები (33%), რომელთა შემოსალები ≤300 ლარია. "საშუალო შემოსავლიან" ჯგუფში მოხვდა ის შინამეურნეობები (33%), რომელთა შემოსავლები 301-999 ფარგლებშია, "მაღალ შემოსავლიან" ჯგუფში კი, შინამეურნეობები რომელთა შემოსავალი 1000+ ლარის ფარგლებშია.

კვლევამ აჩვენა, რომ "დაბალი შემოსავლების" შინამეურნეობა, ყველაზე მეტ პროცენტს ხარჯავს საკვებზე - 65%. "საშუალო" შემოსავლების მქონე მოსახლეობა თანხის ნახევარზე მეტს ხარჯავს სურსათზე (52%)
 
კვლევაში მონაწილე შინამეურნეობების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაეზარდა სურსათზე გაწეული ხარჯი. მთისა და ბარის მონაცემების შედარებით განსაკუთრებული სხვაობა არ ფიქსირდება, ხარჯი პრაქტიკულად თანაბრია, 3%-იანი უპირატესობით ბარის მოსახლეობისთვის, რაც მიანიშნებს იმას, რომ იმ საკვებზე, რომლის ყიდვაც უხდება მოსახლეობას, ხარჯები თანაბრად არის გაზრდილი საქართველოს ყველა რეგიონში.

კვლევით გამოვლინდა, რომ შინამეურნეობათა 60%-ი, სხვადასხვა გარემოების დროს, საკვებს ყიდულობს ვალით. მთაში 10%-ით მეტი სესხულობს ფულს ვიდრე ბარში. რაც შეეხება მარტოხელა პენსიონერებს, მათი 53%, ფულის უქონლობის გამო, საერთოდ ვერ ახერხებს საკმარისი საკვების შეძენას.

ამდენად, საქართველოს მოსახლეობის 50%-ს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აღენიშნება. მათ შორის ყველაზე დიდი ტვირთი დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი მარტოხელა პენსიონერებზე მოდის. გეოგრაფიული არეალის მიხედვით, მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები ქალაქთან შედარებით, მეტია სოფლად. მთაში კი უფრო მეტია, ვიდრე ბარის სოფლებში, რაც ხელს უწყობს აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის სიღარიბის და შიმშილის მაჩვენებლების რისკის ზრდას.

რაც შეეხება, სურსათზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის საკითხს, ამ თვალსაზრისით თბილისსა და დიდ ქალაქებში პრობლემები არ აღინიშნება, რადგან სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტების ქსელი კარგად არის განვითარებული. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობას გამოვლინდა, რომ ყველას არა აქვს შესაძლებლობა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს შეიძინოს ყველა სახის საკვები. ბარის მოსახლეობის 25%-ი ხილისა და ბოსტნეულის საყიდლად, 20%-ი კი ხორცეულისა და კვერცხის შესაძენად, მეზობელ რაიონულ ცენტრში დადის. მთის მოსახლეობის ¼ ხილსა და ბოსტნეულს ძირითადად მობილური ტრენდებიდან ყიდულობს, რომლებიც ზამთარის თვეებში არ დადიან. ცხიმის, შაქრისა და ტკბილეულის შესაძენად კი მოსახლეობის დაახლოებით 1/3 მუნიციპალურ ცენტრში მიდის", - ნათქვამია კვლევაში.