მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეროვნული ბანკი 50 მლნ ლარად "A კლასის" ახალ სათავო ოფისს ააშენებს

5d556508c7cca
შოთა ტყეშელაშვილი
15.08.19 18:00
3932
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაში არის განთავსებული. იუსტიციის სახლის შენობა დღეს ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ ოფისსაც წარმოადგენს, თუმცა როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, სებ-ი მალე ადგილმდებარეობას გამოიცვლის და 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს.

2019 წლის 26 ივლისს განხორციელებული ტრანზაქციის შედეგად, ცირკსა და ყოფილ რესტორან "არაგვს" შორის არსებული 8,779 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ახალი სათავო ოფისის კონსტრუირება სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება.

რამდენიმე დღის წინ, სებ-მა ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარი, მისი მშენებლობის ვადები კი 38-44 თვეს შეადგენს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი შენობა – "A კლასის", მისი ჯამური ფართობი კი 17,000 კვ.მ იქნება.

ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწევა იუსტიციის სახლის იმ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი არის განთავსებული.