მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისების დაწესებას ითხოვს

56b6ee37146af
დავით ჯალაღონია
07.02.16 11:04
1300
საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისების დაწესებას ითხოვს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ამ მოთხოვნის ერთ-ერთი წინაპირობა "გაზპრომთან“ საქართველოს ურთიერთობის არსებული ფორმატია, რომლის შეცვლას რუსული მხარე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ითხოვს.

ამასთან, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანზიტის ფასად გაზის მაგივრად თანხის მიღებას არ ავალდებულებს.

"ამ შემთხვევაში ჩვენ არავინ გვზღუდავს, რა ფორმით მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმება სერვისის ანაზღაურების ნაწილში. ეს იქნება 10%, 15% თუ 25% - ეს ორი მხარის შეთანხმების საგანია და ბუნებრივია, ამის შეფასების არანაირი საფუძველი არ არსებობს მესამე მხარის მიერ“, - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება ენერგეტიკული გაერთიანების ძირითად მოთხოვნას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველომ ზოგადად, სექტორში ევროპული პრინციპების და ღირებულებების დანერგვა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის აღიარება და გათვალისწინება უნდა უზრუნველყოს. სწორედ ამ ნაწილში ქართული მხარე ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე გამონაკლისების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ვფიქრობ, ეს პროცესი საკმაოდ მალე დასრულდება, რადგან აბსოლუტური გაგება იყო ევროპული მხარის მხრიდან, რომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული დათქმები, გამონაკლისები, ვადები და ა.შ, რომელიც საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ რეალურ გეგმად ჩამოყალიბდება და შემდეგ ამ გეგმის იმპლემენტაციას დავიწყებთ“, - აღნიშნა ვალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესზე მოლაპარაკებების დასრულება 2016 წლის სექტემბრამდე უნდა მოხდეს.