მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობა 100-ზე მეტ ადამიანს უნდა

5cc2d644be85f
BM.GE
26.04.19 13:42
1154
საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსი საინვესტიციო საბჭოს წევრების შერჩევაზე დასრულდა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 100-ზე მეტი კანდიდატურა არის წარდგენილი, საიდანაც უმრავლესობა უცხოელია. შესარჩევმა კომისიამ მათგან საბჭოს წევრად 5 ადამიანი უნდა დაამტკიცოს. 

საბჭოს წევრებს შვიდი ადამიანისგან დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს. მათგან სამი, ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებია, სამი დეპუტატი - ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე და ერთი ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრი ზურაბ ლალაზაშვილია. 

სამუშაო აღწერილობის მიხედვით, საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, რაც მხოლოდ 9 სამუშაო დღის ტოლფასია. 

თითოეულ საბჭოს წევრთან ანაზღაურება ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭოს წევრთა შერჩევის შემდეგ, ისინი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევენ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. 

კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება. 

საბჭოს უფლებები და მოვალეობები ასეთია: 

საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას; 

არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფროს საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესასრულებელი გეგმა; 

საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით ამზადებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან, დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს; 

შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს (დეპოზიტარებს) და აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს); 

განსაზღვრავს და საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს წინადადებებს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 

საპენსიო ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 747,000 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 49,500 კომპანიას მოიცავს.