მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებისთვის $60 000-ის გადახდას არ ვაპირებთ"

5c9a2175b3556
ლიკა გურაბანიძე
26.03.19 18:12
861
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განაცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს 60 000 დოლარს გადაუხდის, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან „საქმიან დილაში“ საუბრისას აღნიშნა, თანხის გადახდა ორ მხარეს შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდება.

სურგულაძე გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს უწოდებს.

„ზუსტი ციფრის მონიშვნის საშუალება, რომ ყოფილიყო ჩვენ მოვნიშნავდით ყველაზე დაბალს, რაც სისტემის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა; სამწუხაროდ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც კორექტული არ იყო, როდესაც ჩვენ განცხადება „ფაინენშალ თაიმსში“ გამოვაქვეყნეთ იქ ხელფასის დიაპაზონი უნდა მოგვენიშნა, რადგან სხვაგვარად ვერ გამოვაქვეყნებდით. ანაზღაურება შესაძლოა 0-დან 60 ათას დოლარამდე ნებისმიერი რიცხვი იყოს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ამ თანხის გადახდას წლიურად ვაპირებთ, ეს არასწორი ინფორმაციაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 60 000 დოლარი საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის მაღალი ხელფასი არ არის. თუ პირს იმ დატვირთვით ვამუშავებთ, რაც ჩვენ გვჭირდება, ესეც არ არის ადეკვატური,“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - რა კრიტერიუმით შეიძლება დადგინდეს ანაზღაურების საკითხი, სურგულაძე პასუხობს, რომ „სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ძალიან მაღალ სტანდარტებს უწესებს.

„მათ ამ საქმის მრავალწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ისინი თავის ქვეყნებში წარმატებულები არიან. ხელფასი თითოეულ მათგანთან მოლაპარაკების საგანი იქნება, ხოლო ჩვენი ფინანსური და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვლისწინებით, ეს თანხა მათი პროფესიონალიზმის ადეკვატური იქნება,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისივე თქმით, ამ თანხებს სააგენტო გადაიხდის და აპლიკანტების ვინაობა დაახლოებით, თვენახევარში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მეშვეობით 5 ადამიანი უნდა შეირჩეს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე.

კონკურსის მიხედვით, საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში $60,000-მდე იქნება, ამასთან, სახელმწიფო საბჭოს წევრების სრულ სამგზავრო ხარჯებს დაფარავს. ეს ლარებში 160,000-ის ტოლფასია.

აპლიკაციის მიხედვით, საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ, ხოლო საშუალოდ, წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ჯამური რაოდენობა 72 საათია, რაც მხოლოდ 9 სამუშაო დღის ტოლფასია.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭოს წევრთა შერჩევის შემდეგ, ისინი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევენ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს.