17.ივნისი .2019 20:00

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

views 2421
უკან

2019 წლის სექტემბერში სახელმწიფოს კუთვნილმა "საპარტნიორო ფონდმა" შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს 139 მილიონი ლარის მოცულობის ვალი უნდა დაუბრუნოს, აქედან 117.5 მილიონი – თანხის ძირი, 21.5 მილიონი კი პროცენტი და საკომისიო ხარჯია.

აღნიშნული ვალდებულების შესახებ, 2019 წლის მაისში, დავით საგანელიძემაც გააკეთა განცხადება, მან შვეიცარიულ ბანკთან არსებულ პირობებს "კაბალური" უწოდა. 

2019 წლის თებერვალში, ეკონომიკის სამინისტროს დავალებით მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით, "საპარტნიორო ფონდი" ყველაზე მეტი წნეხის ქვეშ სწორედ 2019 წლის სექტემბერში იქნება. აღნიშნული პრეზენტაცია  საჯარო ნათია თურანავას უწყებამ დეპუტატ ლევან კობერიძის სადეპუტატო კითხვის შედეგად გახადა. 

პრეზენტაციის მიხედვით, 2019 წელი "საპარტნიორო ფონდმა" 78 მილიონი ლარის ნაშთით დაიწყო. 2018 წელს კომპანიამ საქმიანობა გაცილებით დიდი, 255–მილიონიანი ნაშთით დაიწყო, თუმცა საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის შედეგად, ნაშთი მკვეთრად შემცირდა და 78 მილიონამდე დავიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდმა 2018 წელს 85 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წლისთვის შემოსავლის 34%-ით შემცირება არის პროგნოზირებული და 56 მილიონზეა დაგეგმილი. 

ფონდს წელს 152 მილიონი ლარის – საინვესტიციო, 139 მილიონი ლარის საფინანსო დანახარჯების გაწევა მოუწევს, ფონდის სხვა გასავლები კი 14 მილიონი ლარი იქნება. შედეგად, საპარტნიორო ფონდის ნაშთი დადებითი, 78 მილიონი ლარიდან, მინუს 171 მილიონ ლარამდე შემცირდება.

პრეზენტაციის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის IRR (უკუგების შიდა განაკვეთი) მინუს 7.9 პროცენტს, ქეშ უკუგება კი მინუს 24.7%-ს შეადგენს.

აქვე, ნათია თურნავას უწყება მიუთითებს, რომ გიორგი ქობულიას მინისტრობის პერიოდში სამინისტროს კონსულტანტის მიერ მომზადებული პრეზენტაცია ფინანსური შედეგების წარმოდგენის თვალსაზრისით უზუსტობებს შეიცავს და მისი გარკვეული ნაწილები "ლოგიკასაც მოკლებულია". სამინისტროს შეფასებით, ფაქტი, რომ ფონდის უკუგების მაჩვენებელი შესაძლოა საბაზრო განაკვეთზე ნაკლები იყოს გამომდინარეობს იმ მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციებიდან, რომელთა შესრულებაც საპარტნიორო ფონდს ევალება. 

"უკუგების მაჩვენებლები შედარებულია სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებთან, როგორიცაა მაგალითად დეპოზიტები და S&P500-ის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში სრულად არის უგულვებელყოფილი ის ფაქტორი, რომ ფონდის დანიშნულება არის კერძო სექტორის ხელშეწყობა და ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც სხვა შემთხვევაში ვერ შედგებოდა (მათ შორის მაღალი სოციალური სარგებელის მქონე პროექტები) და რომ ეს არ არის სახელმწიფოს მიერ „ზედმეტი“ ფულის მომგებიან ინსტრუმენტებში დაბანდება. სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, რომ ფონდის მიერ ხორციელდება ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომელთაც აქვთ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხელშეწყობის თვალსაზრისით და შესაბამისად, ფონდის უკუგების მაჩვენებლის შედარება საბაზრო მაჩვენებლებთან არ არის მართებული და არ გვაჩვენებს მთლიან სურათს. ვინაიდან, ფონდის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არა უკუგების მაჩვენებელი, რომელიც შესაძლოა საბაზროზე ნაკლებია იყოს, არამედ სოციალურ-ეკონომიკური შედეგის მიღება. აქ ერთმნიშვნელოვნად არის გასათვალისწინებელი ის ბენეფიტები, რასაც საზოგადოება იღებს, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნით,"- წერია სამინისტროს მიერ მომზადებულ დანართში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა