მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი სასტუმროების მშენებლობას აღარ დააფინანსებს

5cebb613a1e38
ლიკა გურაბანიძე
27.05.19 13:47
802
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის საქმიანობა მოიცავს: ენერგეტიკას, ინდუსტრიულ სფეროს, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს.

როგორც საგანელიძე განმარტავს, ფონდმა ტურიზმის სექტორში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაწყვეტილება მიიღო და ის სასტუმროების პროექტების დაფინანსებიდან გამოდის.

„მოსვლის დღიდან შევეცადეთ, რომ ისეთი სფეროებიდან გამოვსულიყავით, სადაც დღეს ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით არის მოთხოვნა. მაგალითად, როგორიც არის ენერგოსექტორი და ჩემი მოსვლის შემდეგ, რომელი პროექტებიც დაგვხვდა ბოლომდე მიყვანილი მხოლოდ მათ დაფინანსებაში შევედით და დამატებით არცერთი ენერგო-პროექტი არ აგვიღია.

ანალოგიურად ერთი წლის წინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ნელ-ნელა ტურიზმის ისეთი სფეროდან გამოვიდეთ, როგორიც სასტუმროების მშენებლობაა. ჩვენ სტარტი მივეცით სასტუმროების მშენებლობას და თითქმის ყველა სასტუმროდან გამოვედით,“ - განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფონდის მიერ სასტუმროს განვითარების სქემას ხსნის.

„როდესაც ფონდი კაპიტალში დროებით შედის, მაქსიმუმ 7 წელი, ხოლო ამ 7 წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორს აქვს ვალდებულება, რომ გამოგვისყიდოს. ამ პერიოდში ჩვენ არ ვიღებთ, არც დივიდენდს და არც პროცენტს, როგორც ბანკები გამოსვლის დროს მხოლოდ ჩვენი ჩადებული ინვესტიცია გამოგვაქვს.

ძალიან კარგი მაგალითია, რომ სასტუმროები რენტაბელურები აღმოჩნდნენ. მათ საკმაოდ კარგად აჩვენეს თავისი ფინანსური მაჩვენებლები. თითქმის ყველამ ძალიან ადრე გამოგვისყიდა.

Best Western Kutaisi-დან 6 თვეში გამოვედით, ხოლო Lopota Lake Resorts & Spa-დან ერთ წელში. წინასწარ გამოსყიდვით ჩვენ პარტნიორს არ ვაჯარიმებთ. ჩვენი ამოცანაა არ არის ფული მოვიგოთ და მეტი ფული წამოვიღოთ პარტნიორისგან. პირიქით, ჩვენთვის მთავარია, რომ ისინი ბანკებს ესაუბრონ და ბანკებისთვის გახდნენ საინტერესო“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.