მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

5d320187d7263
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 21:24
1425
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი, რომლის მიზანიც სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე შემოწმებაა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში "კეთილსინდისიერი და რეალური ვიზიტორების"  საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას. როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეებს აბრუნებენ. ამის მიზეზად როგორც წესი სათანადო დოკუმენტაციის უქონლობა სახელდება, თუმცა ყოფილა არაერთი შემთხვევაც, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები ქართულ სასაზღვრო სამსახურებს არასათანადო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, რის შესახებაც ინდურ ბეჭდურ მედიაშიც არაერთი სტატია მომზადებულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მემორანდუმით მათ შორის აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით არსებული მექანიზმების დახვეწაზე. ინდოეთის მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურების დახვეწის მიზნით, ქართულ მხარეს უკვე გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანია VFS Global-თან, რომლის საფუძველზეც ინდოეთში ფუნქციონირებს 16 სავიზო პუნქტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო VFS Global-ის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კრის დიქსმა და ინდოეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელმა ალოკ სინჰალმა,"- ნათქვამია განცხადებაში. 

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთის 26,884 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც ეს ქვეყანა ტურიზმის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.6%-ია.