მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვალი დოლარში 0,1 პროცენტით შემცირდა, ლარში 27,7 პროცენტით გაიზარდა

564eee05b71ea
BM.GE
20.11.15 13:39
1317
2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საგარეო ვალი აშშ დოლარში შემცირებულია (-0.1%), თუმცა ვალუტის კურისის ცვლილების გამო აღნიშნული მაჩვენებელი ლარში გაზრდილია (27.7%), შედეგად გაზრდილია მთლიანი სახელმწიფო ვალიც (25.5%). 2014 წელთან შედარებით, გაიზარდა საშინაო ვალის მოცულობაც (16.5%).

PMCG კვლევის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, მთავრობის უმსხვილეს მრავალმხრივ კრედიტორთა სამეულია: განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) - 41.7%, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) - 20.9% და აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 16.4%. უმსხვილეს ორმხრივ კრედიტორთა სამეულია: გერმანია (38.1%), იაპონია (22.2%) და რუსეთი (12.3%).
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია 2 478 მლნ. ლარით (25.5%) 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

„ამ პერიოდში, სახელმწიფო ვალის 81.9%-ს საგარეო ვალი წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 1.4% პუნქტით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. საგარეო ვალის მოცულობა ლარში 27.7%-ით არის გაზრდილი. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული, რადგან შესაბამის პერიოდში საგარეო ვალი დოლარში შემცირებულია (-0.1%).

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, საშინაო ვალის წილი სახელმწიფო ვალში 18.1%-ს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საშინაო ვალის მოცულობა აღნიშნულ პერიოდში 16.5%-ით არის გაზრდილი 2014 წელთნ შედარებით, მისი წილი სახელმწიფო ვალში 1.4% პუნქტით არის შემცირებული, რაც აიხსნება იმით, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გამო საგარეო ვალის მაჩვენებელი უფრო მეტად გაიზარდა.
ფისკალური მდგრადობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრია სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ დადგენილი აღნიშნული პარამეტრის მდგრადობის ზღვარი განვითარებადი ქვეყნებისთვის 50%-ია.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის მიმართ 38.7%-ს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 5.4%-ით არის გაზრდილი, თუმცა სსფ-ის მიერ დადგენილ ზღვარს (50%) ჩამოუვარდება.

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, 2014 წელთან შედარებით, 7.4% პუნქტით არის გაზრდილი საგარეო ვალი პროცენტულად მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან, რაც აღნიშნულ პერიოდში საგარეო ვალის მაჩვენებლის (ლარში) ზრდით აიხსნება.
ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია სახელმწიფო ვალი პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან, რომლის მდგრადობის ზღვარი განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ და განვითარებადი ქვეყნებისთვის 300%-ს უტოლდება.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი ბიუჯეტის შემოსავლების მიმართ 202.5%-ია, რაც 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (71.7% პუნქტი), თუმცა სსფ-ის მიერ დადგენილ ფისკალური მდგრადობის ზღვარს (300%)ჩამოუვარდება.

აღნიშნულ პერიოდში, გაზრდილია (60.5% პუნქტი) ასევე საგარეო ვალი პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან და 165.8%-ს შეადგენს.
ფისკალური მდგრადობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრია სახელმწიფო ვალი პროცენტულად ექსპორტთან. სსფ-ის მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის დადგენილი ამ მაჩვენებლის ფისკალური მდგრადობის ზღვარი 200%-ია.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი ექსპორტის მიმართ 310.0%, ხოლო საგარეო ვალი ექსპორტის მიმართ 253.9%-ია, რაც აღემატება სსფ-ის მიერ დადგენილ ზღვარს (200%).

2009-13 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა სსფ-ის მიერ ამ პარამეტრისთვის დადგენილ ფისკალური მდგრადობის ზღვარს მაინც აჭარბებდა გარდა 2013 (173.4%) და 2014 (180.3%) წლებისა.
2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ექსპორტის მიმართ 14.7%-ს უტოლდება, რაც არ აღემატება სსფ-ის მიერ ამ მაჩვენებლისთვის დადგენილ 25%-იან მდგრადობის ზღვარს.

2009-14 წლებში წლიურმა მაჩვენებელმა მდგრადობის ზღვარს მხოლოდ ერთხელ 2009 წელს გადააჭარბა (2.1% პუნქტი) და 27.1%-ს გაუტოლდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2012 წელს (9.8%) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ბიუჯეტის შემოსავლებთან 9.6%-ს შეადგენს, ამ პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებელი არ აღემატება სსფ-ის მიერ დადგენილ მდგრადობის ზღვარს (35%)“, - ნათქვამია PMCG კვლევაში.