17.ივლისი .2019 19:53

საფრანგეთის პარლამენტმა ნოტრდამის რეკონსტრუქციის შესახებ კანონი დაამტკიცა

views 342
უკან

ნოტრ-დამის გამანადგურებელი ხანძრიდან სამი თვის შემდეგ, საფრანგეთის პარლამენტმა ტაძრის რეკონსტრუქციის შესახებ კანონი დაამტკიცა.

საინფორმაციო სააგენტო ‘’როიტერსის’’ ცნობით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის მთავრობამ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეთაურობით, უძველესი და ისტორიული კათედრალის რეკონსტრუქცია 5 წელიწადში უნდა უზრუნველყოს. 2024 წლის პარიზში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიადისთვის, 850 წლის ღვთისმშობლის ტაძარი დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება.

ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი. რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი ტაძარი სწრაფად აალდა, ჩამოინგრა სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 500-მდე მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას რვა საათზე მეტ ხანს ცდილობდა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ფულის შეგროვება წამოიწყო, ეროვნულ კამპანიას კერძო შემომწირველებიც შეუერთდნენ. მთლიანობაში ამ დროის მონაცემებით, 850 მილიონი ევრო შეგროვდა.

Forbes Georgia -ს ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 10 000 ევრო ქართულმა კომპანიამ, ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმა ექსპორტიორმა „K და ქართული სპირტები“-მაც გადარიცხა.