მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა

5d09024459435
თელარა გელანტია
18.06.19 20:17
980
"2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში შინაარსიანი და საქმიანია. დოკუმენტში მთელი რიგი მიმართულებები არის საინტერესოდ წარმოდგენილი. ანგარიში მოიცავს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას. დოკუმენტში ასახულია არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ნაერთი ბიუჯეტის შესრულებაც. ასევე საინტერესოა ფისკალური პროგნოზების და ფაქტების ურთიერთშედარება“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 4,7 % შეადგინა. წამყვანი როლი ეკონომიკის ზრდაში ეჭირა კერძო სექტორს. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელს 19,5 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი 1, 5 %-ით განისაზღვრა.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის კუთხით გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა 13,1 პროცენტი, თუმცა განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 7,7 პროცენტი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მომავალში ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურად გვქონდეს 5 პროცენტზე უფრო დაბალი ნიშნული და ეს მოგვცემს გაცილებით მეტ სტაბილურობას ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი იყო 10 მილიარდ 260 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით, 10 მილიარდ 500 მილიონი ლარის ოდენობით, 100,1 პროცენტით შესრულდა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 0,79% შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში გადაჭარბებით იქნა შესრულებული.

„2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 100, 8% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 100 პროცენტს აჭარბებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე, გენერალურის აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ძირითად რეკომენდაციებზე, რაც გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და მის პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე განიხილა. აღნიშნული მიზეზით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხი, განხილვის დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დაადასტურა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა მომზადებული არ არის და ის კომიტეტს არა აქვს.

მან საბიუჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

„საკითხი დავსვი არაერთხელ - არა მხოლოდ კომიტეტის დონეზე, არამედ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც, თუმცა სამწუხაროდ, დღესაც იგივე პრეცედენტის წინაშე ვდგავართ - საბიუჯეტო ოფისის დასკვნა არა გვაქვს. საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, ვისაც ამის გადაწყვეტის უნარი აქვს. არის რეგლამენტის დარღვევა, საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით არის თემები, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემა არ არის. მე ჩემს გულისტკივილს პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარებ, რომელიც არის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოში“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციის წყარო საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურია.