მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამჭვირვალობა: საგადასახადო ამნისტიით 2 მილიარდი ლარის ჩამოწერა დაუსაბუთებელია

572c3a0478c4d
BM.GE
06.05.16 10:27
2141
საგადასახადო კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი სისტემა, რაც გადასახადისგან ათავისუფლებს მოგების იმ ნაწილს, რისი რეინვესტირებაც ხდება. ახალი სისტემით, დაიბეგრება მხოლოდ ის მოგება, რისი განაწილებაც მოხდება. რეფორმის მიზანია ეკონომიკის სტიმულირება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რაც, უდავოდ, მისასალმებელი ნაბიჯია. ასევე, ცვლილებების მიღებისთანავე მოხდება საგადასახადო დავალიანების მასშტაბური ჩამოწერა, რის შედეგადაც ბიუჯეტს დაახლოებით 2 მლრდ ლარი დააკლდება, კერძოდ ჩამოიწერება: 69,700 გადასახადის გადამხდელის 1.41 მლრდ ლარის 2011 წლამდე წარმოშობილი დავალიანება.  27,380 გადასახადის გადამხდელის 623.6 მლნ ლარის ოდენობით დაკისრებული სანქციები, თუ ეს გადამხდელები 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებიდან ძირითად გადასახადს (339.5 მლნ ლარი) გადაიხდიან.

არასამთავრობოში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობას საგადასახადო დავალიანების ამ მასშტაბის ჩამოწერა არასდროს განუხორციელებია: "ჯამში გადასახადის დაახლოებით 100,000 გადამხდელს 2 მლრდ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერება. ასეთი მოცულობის საგადასახადო ამნისტია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკურად მოტივირებული ინიციატივის ნიშნებს ატარებს.

ასეთმა ქმედებამ ბევრ გადამხდელს შესაძლოა შეუქმნას მოლოდინი, რომ მათ შეუძლიათ დააგროვონ დავალიანება, რომელიც ერთ დღეს მათ შეიძლება ჩამოაწერონ. ეს კი, ცხადია, ქმნის გადასახადის გადამხდელის ქცევის შეცვლის ძალიან სახიფათო პრეცედენტს და ამასთანავე, უსამართლოა სხვა გადამხდელების მიმართ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მიესალმება ყველა სახის ქმედებას, რომლის მიზანს ეკონომიკის სტიმულირება წარმოადგენს. თუმცა, სახელმწიფომ სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ნებისმიერი ნაბიჯი, იმისთვის რომ თავისი ქმედებით ხელი არ შეუწყოს ეკონომიკური აგენტის არასწორი ქცევის ჩამოყალიბებას. ასევე სახელმწიფომ უნდა შეაფასოს რამდენად მასტიმულირებელი იყო ეკონომიკისთვის ეს თუ ის საგადასახადო შეღავათი. დღეს ფინანსთა სამინისტრო, ამგვარ ანალიზს ხშირად არ ატარებს და თუ ატარებს არ ასაჯაროებს. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობია რა ეფექტი ექნება კონკრეტულად ამგვარ საგადასახადო ამნისტიას. სწორედ ამიტომ კითხვის ნიშნები ჩნდება აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით", - განმარტავენ არასამთავრობოში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ აუცილებელია:

მთავრობამ ახსნას, რატომ დადგა დღის წესრიგში გადასახადის დაახლოებით 100,000 გადამხდელისთვის 2 მლრდ ლარზე მეტი დავალიანების ჩამოწერის აუცილებლობა 2016 საარჩევნო წელს;

ასევე, ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათების შემოღებამდე დათვალოს რა იქნება ამ შეღავათების ეფექტი და ის შეღავათები შემოიღოს, რაც, დიდი ალბათობით, მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას, ხოლო თუ ასეთ ანალიზს აკეთებს გაასაჯაროოს კიდეც (მაგალითად, მოგების გადასახადის რეფორმის ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტის ანალიზი). „აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მოგების გადასახადის რეფორმის ეფექტის საინტერესო ანალიზის გამოქვეყნებით ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი შექმნა. ამგვარი გათვლების მდიდარი გამოცდილება აქვს აშშ-ის შემოსავლების ფედერალურ სამსახურს (Internal Revenue Service), რისი გათვალისწინებაც ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვნად გაუადვილებს იმ შეღავათების ეფექტის დათვლას, რასაც ეკონომიკის სტიმულირება შეუძლია", - განმარტავენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.