მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის ყოფილ მფლობელებსა და "ალდაგს" შორის დავა სასამართლოში გრძელდება

570f2c1155ad1
ელენე გოგბერაშვილი
14.04.16 09:30
2674
სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ისა და "ალდაგს" შორის სასამართლო დავის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სასამართლოს რიგით მესამე მოსამზადებელი სხდომა ივნისში გაიმართება, რომლის შემდეგ, კომპანიის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე გადავა.

როგორც "იმედი L"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, 2012 წელს "ალდაგმა" "იმედი L"-ი 5 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც კომპანიის სიმძლავრეებიდან გამომდინარე იმ დროს სრულიად არაადეკვატური ფასი იყო. ნიკოლაძის განმარტებით, კომპანიის გასხვისება აქციონერების ნებით არ მომხდარა და კომპანია მათ იძულების გზით, სრულიად არასაბაზრო ფასად დაათმობინეს. მისი თქმით, აქციონერები იძულებულნი იყვნენ კომპანია დაინტერსებული მხარის, "საქართველოს ბანკისა" და "ალდაგის" მიერ შეთავაზებულ ფასად გაეყიდათ.

დღეს კი "იმედი L"-ის დამფუძნებლები "ალდაგისგან" სამართლიანი საბაზრო ფასის ანაზღაურებას ითხოვენ, რაც ლაშა ნიკოლაძის თქმით, რამდენიმე მილიონი დოლარია.

"სასამართლო დავა თითქმის ერთი წელია გრძელდება. სანამ სასამართლოს მივმართავდით, ჩვენ წერილი მივწერეთ "საქართველოს ბანკს", რადგან მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო სასამართლო დავის აღძვრა. მიუხედავად ამისა, მათ მოლაპარაკებების გზით წასვლა არ ისურვეს", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, "ალდაგმა" "იმედი L"-ის შერწყმა შესყიდვიდან რამდენიმე თვეში განახორციელა. 2 წლის შემდეგ კი კვლავ აღადგინა "იმედი L"-ის სახელი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-სა და "ალდაგს" შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით "ბიზნესკონტაქტი" "საქართველოს ბანკის" პოზიციასაც ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.