მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული წყევლა - ივანიშვილისთვის საკითხავი რიცხვები

5d3190d741224
ელენე კვანჭილაშვილი
19.07.19 14:15
2989
ამ კვირაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა - იმაზე უფრო მკვეთრი და ღია გზავნილებით, რუსეთთან მიმართებით, ვიდრე საერთოდ ვიფიქრებდი.

"ისინი ვინც მიგვანიშნებენ "რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის ბაზარი, არის ევროპის ბაზარი და კეთილი ინებეთ...", ისინი "კეთილი ინებეთ"-ს არ ამბობენ, სალანძღავი სიტყვებით მიგვანიშნებენ. ისინი მიგვანიშნებენ, ისინი არიან აბსოლუტურად უცოდინრები, უმეცრები რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ უკრაინულით ან ევროპული ბაზრით. რუსული ბაზრისთვის თვითონ ევროპელები და თუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსული ბაზრის, რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, ყველაფერი ცხადია რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის და მით უმეტეს ჩვენთვის. ელემენტარულია ის რომ პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია და უკვე ძალიან კარგად იციან, მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და გრძელდება ეს [დივერსიფიცკაციის] პროცესი, იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს არიან ქვეყნის მტრები", – ეს ბიძინა ივანიშვილის ციტატაა, უცვლელი სახით.

რუსული ბაზრის დაკეტვა - ერთია და მისგან დივერსიფიცირება - მეორე და მეორე მოთხოვნა, თუ რეკომენდაცია, ცხადია გაცილებით ჭარბობს. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ როდესაც არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო, მაშინ ყველაზე მაგარი მიდგომაა - მოახდინო მსჯელობის რადიკალიზაცია. დაახლოებით ისე, როგორც რუსეთი იქცევა საქართველოსთან მიმართებით - გვიქმნის პრობლემებს და შემდეგ, დიდსულოვნად მზად არის, მის მიერვე შექმნილი პრობლემები მოგვიგვაროს, ჩვენ კი მადლიერების გრძნობით აღსავსეებმა თავი უნდა დავუკრათ.

გავრილოვის ღამემ აჩვენა, რომ თავის დაკვრის გაფორმება ძალიან რთული იქნება და საბოლოო ჯამში, პოლიტიკურადაც ძვირი დაჯდება.

საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირების მოსურნეების მტრებად უფრო მეტი დამაჯერებლობით გასაღებისთვის ბიძინა ივანიშვილმა ევროპას მოუხმო და გვირჩია, კარგად დააკვირდით ევროპა რას აკეთებს რუსეთის ბაზართან მიმართებითო.

ვემორჩილებით.

ყველა რიცხვი ევროსტატის ოფიციალური ვებგვერდიდან ავიღე. 2018 წლის ანუ ყველაზე ბოლო მონაცემებია. მივყვეთ თავიდან.

ევროკავშირის 28 ქვეყნის ვაჭრობას თუ შევხედავთ რუსეთთან, ქვეყნების მიხედვით და საქსტატის მიერ საქართველოს მაჩვენებელსაც გავიხსენებთ – ექსპორტი 14.9%, იმპორტი 10%, ვნახავთ, რომ ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოზე უფრო მეტად დამოკიდებული რუსულ ბაზარზე სულ ოთხი ქვეყანაა - ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და პოლონეთი - პოსტ-საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც შედარებით ღარიბი ქვეყნებიც არიან ამავდროულად ევროკავშირში.

იმპორტს რაც შეეხება, აქ ცხადია მეტი ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე - მათ შორის, ყველაზე მეტად - ისევ ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცე - ანუ ისინი, ვინც ენერგეტიკული თვალსაზრისით არიან მიბმულები რუსეთს.



ღია ვარდისფრით აღნიშნულია ენერგეტიკის წილი - მემგონი, ძალიან თვალსაჩინოა.

დღეს დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაა. ეს ადვილი საქმე არ არის, რადგან ჯამში დიდ, განვითარებულ ეკონომიკებზე ვსაუბრობთ, სადაც ენერგეტიკაზე მაღალი მოთხოვნაა – ალტერნატიული მარშრუტები არ არსებობს ან ძვირი ჯდება მათი განვითარება, რუსეთიც ცხადია მაქსიმალურად ცდილობს არ დაუშვას ევროპის ძალისხმევა, როგორმე მოახერხოს მიწოდების დივერსიფიცირება. თუმცა დასავლეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ რუსული თამაში არ ითამაშოს – შეერთებულ შტატებში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად, პოლონეთში, ფიქლის დამუშავებამ უკვე შეუქმნა სერიოზული დისკომფორტი რუსეთს და პირადად გაზპრომს.

საქართველოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რუსული თამაში არ ითამაშოს – თუ შიდა რესურსებს განავითარებს, ჰესებს ააშენებს, ალტერნატიული ენერგიის შესაძლებლობებს დეტალურად შეისწავლის და ა.შ. თან ამ მიმართულებით, საქართველოს დონორების მხარდაჭერაც უხვად აქვს – პატარა, განვითარებადი, შედარებით ღარიბი ქვეყნისთვის კი ამ მიმართულებით სასტარტო პოზიცია უფრო მარტივია. მაგრამ ამისთვის ხელისუფლებას ნება და საკუთარი ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა უნდა ჰქონდეს და ამ ხედვაში გაზპრომს იმაზე მცირე როლი უნდა ეჭიროს, ვიდრე განახლებული ხელშეკრულების პირობებში მივიღეთ.

არის თუ არა ყველაზე მოთხოვნადი რუსეთის ბაზარი მსოფლიო ვაჭრობის ჭრილში?



აქ ევროსტატს 2017 წლის სურათი აქვს შესწავლილი რიცხვებში და კარგად ჩანს, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მოთხვონაა ჩინეთთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან ვაჭრობის კუთხით. რუსეთი მეათე ადგილზეა. ამ ზომის და ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა ათეულში რომ შედის, მემგონი, ძალიან გასაკვირი არ უნდა იყოს – თუმცა, მასთან ვაჭრობაზე რომ უფრო მაღალი მოთხოვნა არ არის, ობიექტურად დაფიქრების შესაძლებლობას იძლევა და სავარაუდო სწორი პასუხი ის არის, რომ ყველა ქვეყანა ხვდება: პუტინისთვის ვაჭრობა არის პოლიტიკა, ფული, ძალაუფლება და რაც მთავარია, ამ ბიზნესში ყველაფერი პირადულია.

რატომ არის მცდარი ბიძინა ივანიშვილის მინიშნება იმაზე, რომ ევროკავშირს არ აქვს სავაჭრო ბაზრები დივერსიფიცირებული და რუსული ბაზრის ათვისებისკენ აქვს მიმართული მთელი თავისი ენერგია? ესეც ევროსტატის რიცხვებია – ისევ 2018 წლის მონაცემები.



თუ შევხედავთ რა პოზიცია უჭირავს რუსეთს ევროკავშირის სხვა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით – ასეთ სურათს მივიღებთ: ექსპორტი მხოლოდ 4%, იმპორტი მხოლოდ 8%. უფრო მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან შეერთებული შტატები და ჩინეთი. წილებით რუსეთთან ძალიან ახლოა თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის ბაზრები.

ახლა კიდევ ერთხელ შევხედოთ საქართველოს - დღეს რუსეთი 14.9%–იანი წილით საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია; იმპორტის მიხედვით კი, თურქეთის შემდეგ, მეორე ბაზარია – 10%–იანი წილით.





ამ რიცხვებიდანაც კი ჩანს, რომ საქართველოს დამოკიდებულება ერთ სავაჭრო ქვეყანაზე – რუსეთზე ძალიან მაღალია.

ახლა რაც შეეხება აქცენტს ჩანაცვლება თუ დივერსიფიკაცია. ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს, რომ როცა რუსეთის ბაზარი პირველად დაიკეტა საქართველოსთვის – რის ინიციატორიც თავად რუსეთი იყო, 2006 წლის ემბარგოს ვგულისხმობ – ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ღვინის მიმართულებით, პირველი დივერსიფიკაცია ბიზნესმა სწორედ მაშინ შეძლო. ანუ რეალურად, რუსული ბაზარი ჩანაცვლდა. შესაბამისად, თუ სახელმწიფო პოლიტიკა იქით იქნება მიმართული, რომ დისიეფტიე–ს შესაძლებლობების ათვისება რეალურად შეძლოს ბიზნესმა, თუ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა მხოლოდ ფურცელზე მიღწეულ კარგ ხელშეკრულებად არ დარჩება, თუ სახელმწიფო უფრო მეტ ინვესტირებას მოახდენს სავაჭრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ვიდრე ვთქვათ იგივე სუბსიდიების მიმართულებით – მაშინ კერძო სექტორს რეალური ალტერნატივა გაუჩნდება და რუსეთი, რომელიც სარისკო, პოლიტიკურად მოტივირებული, არაბიზნესური ბაზარია, აუცილებლად ჩანაცვლდება, ბუნებრივად. წმინდა პოლიტიკურთან ერთად, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ამიტომაც ეწინააღმდეგება რუსეთი ასე გამალებით – მას ძალიან მნიშვნელოვნად უსუსტდება ეკონომიკური ბერკეტებიც, თავისი პოლიტიკური გავლენის საქართველოზე შესანარჩუნებლად. რუსეთისთვის ყველაფერი ყოველთვის პოლიტიკურია.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ დივერსიფიკაცია გრძელდება. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რამდენად დამოკიდებული გახდა საქართველო რუსეთზე თუ ექსპორტის და თუ იმპორტის მიმართულებით, რომ ჯამში ქვეყანა მაინც უფრო დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, ვიდრე ადრე იყო და ეს სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა შექმნას ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის.

ბოლობოლო ნავთობით მდიდარი ქვეყნები – მაგალითად, იგივე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, შორს რომ არ წავიდეთ – სერიოზულად ზრუნავს ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის.

რას ვიზამთ, ვიღაცისთვის ნავთობია წყევლა. ჩვენთვის – რუსეთი.