მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული სანქციების ეფექტი - ინტერვიუ TBC-ის ფინანსურ დირექტორთან

5d0f7f7b5c930
BM.GE
23.06.19 17:22
2075
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ გადაცემა Forbes-ის კვირაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოსალოდნელი ეფექტის შესახებ ისაუბრა. გიორგი შაგიძის თქმით, დღეს საქართველოს სავალუტო შემოდინებების 16% მოდის რუსეთიდან, უშუალოდ ტურიზმის სექტორზე დაწესებული შეზღუდვა კი არ ნიშნავს, რომ რუსი ტურისტების სრული ნაკადი შეიკავებს თავს საქართველოში ჩამოსვლისგან. თიბისის გათვლებით, აკრძალვის მიუხედავად, წელს საქართველოში ტურისტთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდება, და ვიზიტორთა მთლიანი ნაკადი დაახლოებით 9 მილიონს მიაღწევს.

გიორგი ისაკაძის ინტერვიუ გიორგი შაგიძესთან

გიორგი ისაკაძე: შეძლეს თუ არა თიბისის ანალიტიკოსებმა ამ არაორდინალურ ვითარებასა და შეზღუდულ დროში შეექმნათ დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ მიმართულებას გამოავლენდა, თუ რა დანაკარგს მოიტანენ რუსული სანქციები?

გიორგი შაგიძე: საუბარს დავიწყებ იმით, რომ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი მიღწევა არის დივერსიფიცირება. ეს არის დივერსიფიცირება ვაჭრობასა და სავალუტო შემოდინებებში. ხაზგასმით უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი არის ჩვენთვის ევროკავშირი. ეს არის კავშირი ერთიანი რეგულაციითა და ძირითადად ერთიანი ვალუტით. შესაბამისად ის ერთიანად უნდა განვიხილოთ. რუსეთიც რა თქმა უნდა დღეს არის მნიშვნელოვანი. სავალუტო შემოდინებების დაახლოებით 16% მოდის რუსეთზე. ტურიზმის, ექსპორტის, ინვესტიციების, ფულადი გზავნილების. ეს ჯამში არის 16%. თიბისის მაკროეკონომიკური გუნდი მუდმივად ამუშავებს სცენარებს, მოხდა მისი განახლება. რასთანაც ამჟამად გვაქვს საქმე ეს რა თქმა უნდა იქნება ნეგატიური, მაგრამ ეს იქნება დაძლევადი. ვეცდები ეს რომ ციფრებში ავხსნა თუ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტურიზმში რუსეთის წილი უფრო დიდია, დაახლოებით 20%-მდე არის და ეს წილი განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა. ამ ბრძანებით ყველაზე ნეგატიურ შემთხვევაში შეგვიძლია დავუშვათ რომ დაახლოებით ნახევარი რუსული ვიზიტების შემცირდება, ანუ დაახლოებით 10%-ზე ჩამოვა რუსეთის წილი ტურიზმში. ამ დაშვებით, რომელიც საკმაოდ კონსერვატიული დაშვებაა, რადგანაც დღევანდელი მონაცემებით სახმელეთო გზით უფრო მეტი ჩამოდის რუსეთიდან, ვიდრე თვითმფრინავებით. ეს რა თქმა უნდა ვერ განულდება. ამ დაშვებითაც კი 2019 წელს 5%-იან ტურიზმის ზრდას ველით ჯამურად (2018 წელს საქართველოში 8.7 მლნ ტურისტი იმყოფებოდა, 5%-იანი ზრდით ეს რიცხვი 9 მლნ-ს მიაღწევს).

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა სხვა ქვეყნებში, იგივე ქართული შიდა ტურიზმის განვითარებაში. იგივე ისეთი ინიციატივებით, როგორიც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რაც უკრაინიდან ჩარტერული რეისების დაფინანსებას ეხება. ეს აჩენს სხვა შესაძლებლობებს, ისინი პლიუს იმასთან ერთად, რომ თუ თურქეთში იქნა მეტი სტაბილურობა, მაშინ ეს 5%-იანი ზრდის ტემპი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ეს რაც შეეხება ტურიზმს.

გიორგი ისაკაძე: გადავიდეთ მთლიანად ეკონომიკაზე, მაგრამ რეზიუმირებისთვის, თიბისის ანალიტიკოსების ყველაზე კონსერვატიული გათვლებით, განახევრების შემთხვევაში რუსეთის წილი ტურიზმში შეიძლება ჩამოვიდეს 10%-ზე, მაგრამ ჯამურად ტურიზმის ინდუსტრია სხვა და სხვა ქვეყნების ხარჯზე გაიზრდება?

გიორგი შაგიძე: დიახ.

გიორგი ისაკაძე: გადავიდეთ მთლიანად ეკონომიკაზე, რა საფრთხეები და გამოწვევები აქვს დღეს ეკონომიკას?

გიორგი შაგიძე: ეკონომიკა ჩვენი მაკრო გუნდის გათვლებით, წელს უნდა გაზრდილიყო დაახლოებით 5%-ით. იზრდებოდა კიდეც, სწორად მივდიოდით. ამ ნეგატიურ ფონზე, თუ ეს დროებითის ნაცვლად მუდმივად შენარჩუნდა, ჩვენ ვსაუბრობთ რომ ნეგატიური გავლენა იყოს 1.5%-მდე. ანუ მთლიან ჯამურ GDP-ში ამ გადაწყვეტილებას ჰქონდეს 1.5%-იანი გავლენა. თუმცა, ამ გავლენის განეიტრალებაც არის შესაძლებელი. ეს შესაძლებელია ორი მარტივი გადაწყვეტილებით, ფისკალური სტიმულის გააქტიურებით, რაზეც, დარწმუნებული ვარ, მთავრობა უკვე ფიქრობს და მეორე არის, გააქტიურება სესხების. იპოთეკური და ბიზნეს სესხების მიმართულებით. ასევე სხვა და სხვა შეღავათების დაწესება იგივე ამ სექტორთან მიმართებით. ამ ნეგატიური ეფექტის შემცირება არის შესაძლებელი 1%-მდე. შესაბამისად, ჩვენ მაინც შეგვიძლია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გახდეს 4%. ამ მაჩვენებლით რეალური ეკონომიკური ზრდა ასეთ ვითარებაში კარგი შედეგი იქნება.

გიორგი ისაკაძე: ანუ შიდა რეგულაციების გადახედვით, რომელიც შიდა სტიმულს მისცემს ადგილობრივ ეკონომიკას და სხვა დეტალების გათვალისწინებით, თქვენი გუნდი არ ვარაუდობს 1.5%-იან კლებაზე მეტს.

გიორგი შაგიძე: დიახ, ნამდვილად არ ვვარაუდობთ.

გიორგი ისაკაძე: შესაძლებელია, რომ ჩვენ მიმდინარე ეკონომიკური წელი, პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამან ჩვენ მოგვცეს 1.5%-იანი მინუსი საერთო მშპ-ში.

გიორგი შაგიძე: 1.5%-იანი მინუსი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არაფერი არ გავაკეთეთ, რათა ეს ვითარება ჩამოვწიოთ.

გიორგი ისაკაძე: მე რა ინფორმაციაც მაქვს, მთავრობაში იგეგმება სტიმულების გამოყენება და როგორც ვიცი, პრემიერმა უნდა გააკეთოს განცხადება იმაზე, თუ როგორ აზღვევენ ისინი ვითარებას. ჩემი ბოლო კითხვა შეეხება ეროვნულ ვალუტას, მის კურსს. ყველასთვის საზაფხულო სავალუტო შემოდინებები იყო ის სტაბილური შემოსავალი, რაც უზრუნველყოფდა ლარის სტაბილურ კურსს. რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენი მიმართებითაც თქვათ რა გარანტიებია იმისა, რომ ლარის კურსი იქნება სტაბილური?

გიორგი შაგიძე: რა თქმა უნდა კურსის მოკლევადიანი პროგნოზის გაკეთება არის რთული და მასზე არ ვისაუბრებ. მაგრამ, მინდა სამ საკითხს გავუსვა ხაზი.

პირველი, ამ მოვლენებამდეც გაუფასურებული იყო ლარი. მეორე, რა თქმა უნდა ჯობდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ რადგან მოხდა, მოხდა ყველაზე კარგ დროს, როდესაც სხვა შემოდინებები ჭარბობს გადინებებს და მესამე, ეროვნული ბანკი ყიდულობდა რეზერვებს ამ და წინა წლის განმავლობაში და გააჩნია საკმაოდ ადეკვატური რეზერვების დონე და მყარად ვგრძნობთ ამ მიმართულებით თავს.