მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ემბარგოს ქრონოლოგია საქართველოში

5d0f377917f7f
BM.GE
23.06.19 15:00
8569
2005 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მიმართ სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ბლოკადის გატარება დაიწყო. კრემლმა დარტყმის სამიზნედ შეარჩია ეკონომიკის ის სექტორი, რომელიც რუსეთის ბაზარზე ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული - ეს სოფლის მეურნეობა იყო.

2005 წლის დეკემბერში, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა დეპარტამენტმა (როსლეხოზნადზორმა) მიკრობიოლოგიური შემადგენლობის სტანდარტების დარღვევის საბაბით, საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა. ამ გადაწყვეტილებიდან ერთ თვეში - 2006 წლის 22 იანვარს, საქართველო ენერგობლოკადაში აღმოჩნდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა, ავარიულად გაითიშა ყველა თბოსადგური, ელექტროსისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც, მთელი საქართველო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაბნელდა. ენერგობლოკადის შემდეგ, საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რუსული გავლენის სფეროზე, ბუნებრივ აირზე ერთხელ და სამუდამოდ ეთქვა უარი და შედეგად რუსეთმა გავლენის მოხდენის ეს ბერკეტი პრაქტიკულად დაკარგა.

მილსადენის აფეთქებიდან ერთ თვეში - 2006 წლის მარტში რუსეთმა ემბარგოს არეალი გააფართოვა და საქართველოდან ღვინის ექსპორტი აკრძალა. ამ პერიოდისთვის მთლიანი ექსპორტის 20% ანუ $153 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ბლოკადის შედეგად, პირველივე წელს ექსპორტი განახევრდა. ემბარგო გახდა სიგნალი ქართველი მეწარმეებისათვის და ბევრი მუშაობის შედეგად რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2%-მდე დაეცა.

საქართველოში რუსი ჯაშუშების მხილების შემდეგ 2006 წლის 6 ოტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა სატვირთო თვითმფრინავი, რომელზეც რუსეთიდან გამოძევებული საქართველოს ასობით მოქალაქე იმყოფებოდა. მაშინ სულ 4,634 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ამ ფაქტზე, 13 წლის დაგვიანებით უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაზარალებულთა მიმართ მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2006 წლის 2 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან შეწყვიტა საფოსტო, საავტომობილო, საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო კავშირი. დაარღვია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია, ასევე არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან ჰქონდა გაფორმებული. შვიდწლიანი ემბარგო 2013 წელს დასრულდა, 2013 წელს ექსპორტი რუსეთში გაოთხმაგდა, 2018 წელს კი $396 მილიონს მიაღწია.