მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოიქცეს, 40 წელს ზევით, საპენსიო სისტემის დატოვების მსურველი 200,000-მდე დასაქმებული?

5c99ed4fa0057
ლიკა გურაბანიძე
26.03.19 13:11
5017
საპენსიო სააგენტს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე საპენსიო სისტემის დატოვების მსურველ და უფლების მქონე მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო ანგარიშის შემოწმებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაქვს კონტაქტი საპენსიო რეფორმიდან პოტენციურ გამსვლელებთან და შემომსვლელებთან - ამ სტატისტიკით ვვარაუდობთ, რომ გასვლაზე დიდი ინტერესი არ არის,“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

სურგულაძის პროგნოზით, იმის გამო, რომ საპენსიო რეფორმიდან გასვლაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინტერესებული არ არის, ვისაც საპენსიო რეფორმის დატოვების უფლება 1 აპრილიდან ან უფრო მოგვიანებით გაუჩნდება, ისინი არ დატოვებენ სქემას და მასში დარჩებიან.

„საქმიან დილაში“ საუბრისას სურგულაძე სისტემიდან გამსვლელ მოქალაქეებს საკუთარი საპენსიო ანგარიშის შემოწმებისკენ მოუწოდებს.

„1 აპრილი როდესაც იყო გაცხადებული, ეს ის მინიმალური ვადაა, რომელიც 1 იანვრიდან ავითვალეთ, მაგრამ კანონი ამბობს, რომ გაწევრიანებიდან უნდა მოხდეს ათვლა, ხოლო გაწევრიანება ხდება მაშინ, როდესაც მათ პირველი საპენსიო შენატანი ჩაერიცხათ და მათი საპენსიო ინდივიდუალური ანგარიში გაიხსნა. ვინც სისტემაში თავის ანგარიშზე ახლა შევა, მათ ზუსტად გამოუჩნდებათ ის ვადა, როდის გაეხსნათ ანგარიში, ხოლო წითლად ჩანს გასვლის ვადა, კერძოდ, როდის დაიწყო და როდის სრულდება. ამიტომ სჯობს, ეს ვადები ყველამ შეამოწმოს და სწორედ იმ ვადებში მოვიდნენ საპენსიო სააგენტოს ოფისში ან მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოებში, სადაც სისტემიდან გასვლის თაობაზე განცხადებების მიღება ხდება,“ - განმარტა ლევან სურგულაძემ.

დასაქმებულმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ყველაზე ხშირად ისმის კითხვა - „როგორ ჩავერთო სისტემაში“, რომელსაც სააგენტოს ძირითადად თვითდასაქმებულები უსვამენ.

„მოგეხსენებათ, ისინი თავისი შემოსავლების დეკლარირებას წლის ბოლოს ახდენენ და ამიტომ, ზოგიერთს ჩართვა ჯერ კიდევ არ შეუძლია და სააგენტოში ამ საკითხს არკევევნ,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

შეგახსენებთ, პირველი აპრილიდან შემდეგი ორი თვის ვადაში, საპენსიო სისტემაში ჩართულ 40 წელს გადაცილებულ 230 ათასამდე დასაქმებულს უფლება აქვს, დატოვოს სისტემა.

ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 654 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

საპენსიო ფონდში უკვე 115 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.