18.ივნისი .2019 15:07

როგორ აპირებს მთავრობა "ჯიბიდან გადახდების" შემცირებას?-პრემიერის განცხადება

views 1028
უკან

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ე.წ „ჯიბიდან გადახდებზე“ და განაცხადა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენისას ამ მტკივნეულ პრობლემას მოუგვარებს.

„ჩვენ ახალ სამთავრობო პროგრამაში, წარვადგინეთ ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გვაქვს დასახული რეფორმების ახალ ფაზაში. ეს არის ელექტრონული ჯანდაცვა და ზოგადად სერვისების გაციფრულება.

მეორე ეს გახლავთ ჯანდაცვის სისტემაში მომსახურების ხარისხის ზრდა. ეს არის აუცილებელი წინაპირობა, ვინაიდან ბიუჯეტის მხრიდან იზრდება ინვესტიციები, იზრდება დანახარჯები სამედიცინო სფეროზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის ღებულობს უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვის სერვისს.

განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქების მიერ ე.წ ჯიბიდან გადახდები, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენ გვაქვს გააზრებული და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის და მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება, რომ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ეს პრობლემა, რომელიც უკავშირდება იმ ხარჯებს, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იხდიან ჩვენი მოქალაქეები, როცა ყიდულობენ წამლებს. ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიოთ. ეს არის ამავდროულად სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც“-განაცხადა პრემიერმა.

პრიორიტეტებზე საუბრისას მამუკა ბახტაძემ აქცენტი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინათმშენებლობებზე გააკეთა და თქვა, რომ 2019-2020 წლებში 350 მილიონ ლარზე მეტი არის გამოყოფილი იმისთვის, რომ ბინების შეძენა და მშენებლობა განხორციელდეს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ჯანდაცვის უწყების კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება  იქნება შრომის უსაფრთხოება.

„წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების დარგში ფაქტობრივად ვაკუუმი გაჩნდა, ჩვენ უმძიმესი შედეგები მოგვცა და ამ მძიმე შედეგებს დღემდე ვებრძვით. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების განმტკიცება და გაძლიერება რჩება და იქნება სამინისტროს პრირიტეტებში“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა