11.ივლისი .2019 12:46

როდის და რამდენით დააფინანსებს „თიბისი ჰოლდინგი" უკრაინიდან ჩარტერულ რეისებს? - განმარტება

views 1484
უკან

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიასანქციების დაწესების გამო „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქართული ტურიზმის ინდუსტრიას დახმარებას დაჰპირდა. ხაზარაძემ 22 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „თიბისი ჰოლდინგი“ კიევი–თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ის 10 რეისს დააფინანსებს.

მამუკა ხაზარაძის ამ ინიციატივის განხორციელებას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ადეიშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც ის bm.ge-ისთან განმარტავს, ამ ეტაპზე ქართულ და უკრაინულ ტურისტულ სააგენტოებთან, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან მუშაობენ, თუ რა ფორმით მოხდეს უკრაინიდან საქართველოში ტურისტების შემოყვანის ხელშეწყობა. ეს შეიძლება იყოს როგორც - რეგულარული რეისების, ისე ჩარტერების სუბსიდირება.

„ვმუშაობთ ასევე იმაზე, თუ როგორ მოხდება უკრაინელი ტურისტების ადგილზე მობილიზება. უკრაინაში სააგენტოებმა უნდა უზრუნველყონ პოტენციური ტურისტების მოძიება, შემდგომ კი ქართულმა კომპანიებმა შესთავაზონ მათ ტურები, რათა ტუსრისტებმა ნახონ საქართველოს რეგიონები და დახარჯონ ფული. ყველაფერზე მიდის მუშაობა და დაახლოებით, ერთ კვირაში უფრო ჩამოყალიბებული პოზიციები გვექნება“, - აცხადებს ნოდარ ადეიშვილი.

მისი თქმით, „თიბისი ჰოლდინგი“ არამხოლოდ „ჯორჯიან ეარვეისის“ არამედ კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანიის - „Myway Airlines” დაფინანსებას განიხილავს.
ამ ეტაპზე არ სახელდება ტურიზმის მხარდასაჭერად რა მოცულობის თანხას გამოყოფს „თიბისი ჰოლდინგი“, თუმცა ამბობენ იმას, რომ სურთ უკრაინელი ტურისტების საქართველოში ჩამოყვანა აგვისტოდან დაიწყოს.

„ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ინვესტიცია იყოს შედეგიანი და ვიღაცამ საქართველოში არ გამოისეირნოს“, - აცხადებს bm.ge-ისთან ადეიშვილი.
ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ „ჯორჯიან ეარვეისის“ ჩარტერული რეისების დაფინანსება დაანონსა, „თიბისი ჰოლდინგს“ კიდევ ერთმა ქართულმა ავიაკომპანიამ მიმართა.

როგორც „Myway Airlines”-ის კომერციული დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მათაც შეახსენეს, რომ „Myway Airlines” ქართული ავიაკომპანიაა და მზადოფნა გამოთქვენ, ხაზარაძის ინიციატივას შეუერთდნენ.

„ჩვენ გვყავს ბოინგი, 170-ადგილიანი. ერთ ჩარტერზე მეტი ადამიანის ჩამოყვანა შეგვიძლია, ვიდრე - „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელსაც 110-კაციანი ბორტი ჰყავს. გვითხრეს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ უფრო კარგ ფასს სთავაზობთ, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან მათ პატარა ბორტი ჰყავთ.

ჩვენს შემთხვევაში, ერთი ჩარტერის განხორციელება თბილისი-კიევი-თბილისის მიმართულებით 45 000 დოლარი გვიჯდება. აქედან 10 000 დოლარი მხოლოდ გადასახადებია“, - განმარტავს აფციაური.

რაც შეეხება ავიაკომპანიის სუბსიდირებას, აფციაურის თქმით, ევრორეგულაცია პირდაპირ სუბსიდირებას კრძალავს, შესაბამისად, მათ „თიბისი ჰოლდინგს“ შესთავაზეს დახმარება, რომ ჯერ ტუროპერატორებს დაეკონტაქტონ, მათ გამოუყონ დაფინანსება და დაკვეთა ჩარტერულ რეისებზე შემდეგ განხორციელდეს.

ჯერ კონკრეტული სქემა, როგორ და რა ფორმით მოხდება საქართველოში უკრაინელი ტურისტების შემოყვანის ხელშეწყობა, არ არსებობს. „თიბისი ჰოლდინგი“ მუშაობს - ხვდება ტურისტულ სააგენტოებს და დეტალებს გადის ქართულ ავიაკომპანიებთან. შეჯერებული პოზიციები კი, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აიკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა