მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდიდან განახლდება მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი?

5d5bebcd6aff9
ანნა ლაპიაშვილი
22.08.19 10:15
2028
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი, რომელიც ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას გულისხმობს, შემოდგომიდან განახლდება.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიკროგრანტების მოცულობის ზრდასთან ერთად დაგეგმილია სექტორების და კოეფიციენტების განახლება, რომლითაც საგრანტო კომპონენტის გაცემაზე გადაწყვეტილებები მიიღება.

"წელს მიკროგრანტებზე სახეცვლილი და დახვეწილი პროგრამა გვექნება. ვფიქრობთ, დაფინანსების თანხა არსებული 20 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდოთ, ასევე მას დაემატება ახალი სექტორები და განისაზღვრება ახალი კოეფიციენტები. მაგალითად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ვეტერანებს, ქალ მეწარმეებს და რა თქმა უნდა, ტურისტულ სექტორს განსაკუთრებული ქულა და პრიორიტეტი მიენიჭება“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი „საქმიან დილასთან“.

სააგენტო განახლებულ პროგრამასთან დაკავშირებით აქტიურ და აგრესიულ საინფორმაციო კამპანიას შემოდგომიდან გეგმავს. თავად განაცხადების მიღება კი, ოქტომბრიდან უკვე დაიწყება.

"რაც შეიძლება მეტმა უნდა იცოდეს პროგრამების შესახებ, რადგან მიუხედავად აქტიური პრომოციისა, მაინც გვესმის, რომ ჩვენი პროგრამების შესახებ ბევრმა არ იცის. მე პირადად და ჩემი სააგენტოს გუნდის წევრები ჩავალთ ყველგან, სადაც ამის საშუალება იქნება და უშუალოდ მოვუყვებით ადამიანებს პროგრამის მიზნებზე და იმ სექტორებზე, სადაც მათ შეუძლიათ ბიზნესი განავითარონ. მათ უნდა იცოდნენ საით მიდის ეკონომიკა, რა სექტორებში აპირებს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას, რა არის უფრო პერსპექტიული და ეს იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბიზნესის დაგეგმვა უფრო ლოგიკურად შეძლონ და არ იყოს მათი ბიზნეს გეგმა საერთო სურათიდან ამოვარდნილი", - განმარტავს მიხეილ ხიდურელი.

რაც შეეხება უკვე არსებული საგრანტო კომპონენტის ბენეფიციარებს, სააგენტოს სტატისტიკით და მისი ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაფინანსებულ პროექტებზე გადარჩენის 90%-იანი ნიშნული ფიქსირდება. ამ მონაცემის მიხედვით, დაფინანსებული ბენეფიციარების 90% დღემდე იმ პროფილით განაგრძობს საქმიანობას, რა პროფილითაც მათ საგრანტო განაცხადი წარადგინეს.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, არსებული რიცხვები ბევრად მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მსგავს პროგრამებზე სხვა ქვეყნებში დაფიქსირებული სტატისტიკა ამას აჩვენებს.