12.ივნისი .2019 17:05

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობს

views 441
უკან

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა, რაც სტუდენტების სტაჟირებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.

,,ჩვენი სამინისტროს სამშენებლო არეალი ძალიან დიდია და მოიცავს როგორც სამშენებლო სექტორს, ასევე საპროექტო სამუშაოებს, გარემოსდაცვით და გეოლოგიურ კვლევებს, წყალგაყვანილობის და ნარჩენების მართვის მენეჯმენტს და ა.შ. ძალიან ხშირად ვაწყდებით კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობას. ჩვენს კონტრაქტორებსაც აქვთ სურვილი დაასაქმონ ახალგაზრდა პროფესიონალები, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ პოულობენ, სწორედ ამიტომ ჩვენს თანამშრომლობას უმაღლეს სასწავლებლებთან დიდი პერსპექტივა აქვს. გადავწყვიტეთ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამშენებლო სექტორში ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენი სურვილია სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ ჩვენს სამსახურებში და კონტრაქტორებთან და თეორიულ გამოცდილებას პრაქტიკულიც შეუთავსონ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დამსწრეებს სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა წარუდგინა და სურვილი გამოთქვა რაც შეიძლება მალე მოხდეს მემორანდუმის გაფორმება ამ მიმართულებით, რომ ამა წლის აგვისტოში სტუდენტებმა უკვე შეძლონ პრაქტიკის გავლა ობიექტებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ორგანიზებით ერთი კვირის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებზე იმყოფებოდნენ, სადაც საშუალება ჰქონდათ ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაცნობოდნენ.

უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მიესალმნენ სამინისტროს ინიციატივას და მომავალ შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო ელოდება საპასუხო ხედვებს და საჭიროებებს უმაღლესი სასწავლებლებისგან და მზადაა ამ ინიციატივას გრძელვადიანი და სისტემური ხასიათი მიეცეს, ასევე გარკვეული როლი ითამაშოს ამ პროფესიების პოპულარიზაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა