11.ივნისი .2019 22:02

რაზეა დამოკიდებული "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ აქციების გამოშვება?

views 549
უკან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აქციების ემისიის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ბანკებსა და მთავრობას შორის 8-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ მიიღებს.

ამის შესახებ bm.ge-ის კონსორციუმში აქციების შესაძლო ემისიის კომემტირებისას განუცხადეს.

საქმე იმაშია, რომ როგორც გუშინ პარლამენტში გამოსვლისას გვენეტაძემ განმარტა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს სურვილი, ფასიანი ქაღალდები გამოუშვას, მაგრამ ემისიის პროსპექტის აპლიკაცია სებ-ს არ მიუღია.

„ჩვენ მივიღეთ წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" აქვს სურვილი, რომ მათი კორპორაციული ფასიანი ქაღალდები გამოვუშვათ. ჩვენ მაშინვე ვუპასუხეთ და შევთავაზეთ შეხვედრა, რადგან თავად ითხოვდნენ, რომ ასეთი შეხვედრა შემდგარიყო. ეს შეხვედრა შედგა, მათ შეკითხვები დასვეს, ჩვენ ვუპასუხეთ. ამის შემდეგ არანაირი კომუნიკაცია კონსორციუმისგან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამიტომ, თუ იქნება აპლიკაცია პროსპექტზე, ჩვენ ამას განვიხილავთ. ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში", - აღნიშნა გვენეტაძემ.

თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმში კი, აცხადებენ, რომ კონსორციუმი კორპორაციული ფასიანი ქაღალდების გამოშვებისთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია.

„საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ბანკებსა და მთავრობას 8-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის შემდეგ მივიღებთ“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.“

შეგახსენებთ, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ კონსორციუმმა აქციების გამოშვებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა.