მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე შედგა და რაზე ვერ შედგა მოლაპარაკება - ინტერვიუ ანაკლიის კონსორციუმის CEO-სთან

5ce42cf260936
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 23:28
1317
არსებული მდგომარეობით, სახელმწიფომ პორტის ინვესტორი ბანკების 8-პუნქტიანი მოთხოვნებიდან 7 მოთხოვნას დათანხმდა, ხოლო მერვე პუნქტი, რომელიც პორტის კომერციული რისკის დაზღვევას მოიცავს სახელმწიფოსთვის პრობლემურია.

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პორტის კომერციულ რისკს არ დააზღვევს და ამისთვის კონსორციუმმა დამატებითი მოლაპარაკებები უნდა გამართოს.

პორტის კომერციული რისკის დაზღვევის შესახებ კონსორციუმის CEO-მ ლევან ახვლედიანმა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა. ახვლედიანის თქმით, მათ უკვე აქვთ გარკვეული მოლაპარაკებები ევროკავშირის ფონდთან, რომელმაც შესაძლოა პორტის რისკის დაზღვევა საკუთარ თავზე აიღოს.

თუ შესაბამისი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პორტისთვის $400 მილიონი დოლარის ღირებულების სესხს ვერ გამოყოფენ, რაც პროექტის მშენებლობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

“დღეს ნამდვილად შედეგიანი შეხვედრები გაიმართა, ძირითადი განხილვის საგანი იყო ის რვა კომერციული საკითხი, რომელიც ბანკებმა დააყენეს საკუთარ მოთხოვნებში. შემიძლია ვთქვა, რომ 7 პუნქტთან მიმართებით, პრინციპული გადაწყვეტილება და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება, იურისტებს სჭირდებათ დამატებითი დრო და ჩვენც როგორც მოლაპარაკების მხარეებს გვჭირდება დამატებითი დრო, რომ ნიუანსები ჩამოვაყალიბოთ და დეტალები იყოს გაწერილი, თუმცა შეხვედრის შედეგად ეს შვიდი პუნქტი შეთანხმებულია.

მთავარი საკითხი, რაც ღიად რჩება, ეს არის ეგრეთწოდებული ტრაფიკ რისკის - “ტვირთბრუნვის რისკის” დაზღვევის საკითხი, რომელზეც იყო მსჯელობა, ასევე ძალიან დეტალური. პრინციპში შეთანხმება არის ის, რომ ჩვენ როგორც მხარეები უნდა დავბრუნდეთ და ვიმუშაოთ ერთად იმისთვის, რომ მოვიფიქროთ იმის ალტერნატივა, რაც აქამდე ბანკებმა დააყენეს, ამ სქემის ალტერნატივა, რაც ბანკების მიერ იყო დაყენებული. ამ მექანიზმზე შეთანხმებით იქნება დამატებითი განხილვები, რომ ეს საკითხიც ბანკებსა და სახელმწიფოს შორის იყოს ჩახურული.

შესაძლებლობა არის მაგალითად, ევროკავშირის ფონდის ჩართულობა, ჩვენ უკვე არაერთი კომუნიკაცია ასეთ ფონდთან უკვე გვქონდა. ამ ფონდს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდი ჰქვია. არის საუბარი მათ ჩართულობაზე, არის ამ ფონდში მონაწილეობისთვის გარკვეული მოთხოვნები. არის ასევე ასეთი ტიპის მექანიზმებიც, რომელთა ამოქმედებაც შეიძლება. ამ მექანიზმებზე ჩვენ ვმუშაობდით, პრინციპში, მაგრამ ახლა ცალსახად განხილვის საგნად დადგა, რომ ეს იქნება ჩვენი მიმართულების პრიორიტეტი.

ასევე, მე ვფიქრობ, რომ მთავარობასაც გარკვეული ჩართულობა მოუწევს მაინც. ასევე ევროკავშირს, რაც შესაძლებელია, ასევე ბანკებსაც მოუწევთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ასევე ჩვენც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მოგვიწევს კომპრომისებზე წასვლა.

ჩემი აზრით, იმის ალტერნატიული სქემა, რაც დღეს არსებობს შესაძლებელია, რომ გამოინახოს და შეთანხმდეს. ამის დეტალური გაშლა ჩვენ არ გვაქვს, ამაზე ვიმუშავებთ შემდეგი დღეების და კვირების მანძილზე და ვიმედოვნებთ იმას, რომ შეთანხმება უახლოეს დროში შედგება.

ჩვენ ვთვლით, რომ რა ალტერნატივასაც დავდებთ, ეს უკვე სხვა რისკ პროფილი იქნება და შესაბამისად, დამატებითი განხილვის საგანი გახდება.

ყველა მხარემ, გამოთქვა სურვილი მზადყოფნის, რომ იყვნენ მოქნილები მოლაპარაკების ვადებთან დაკავშირებით. ეს ქალბატონმა მაიამაც (ცქიტიშვილი) აღნიშნა თავის გამოსვლაში. ჩვენ დამატებით განვსაზღვრავთ რა დრო არის საჭირო, რომ ამ საკითხზე შეთანხმება იქნეს მიღწეული. შესაბამისად, მივმართავთ მთავრობას მოლაპარაკების ვადის გაგრძელებაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ შეეხება მშენებლობის გრაფიკს. ამას მინიმალური ზეგავლენა ექნება სამშენებლო ვადებზე", - განაცხადა საქმის კურსის ეთერში ლევან ახვლედიანმა.