მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

5d358e861327d
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.19 14:28
1394
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება.

ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის გაიზარდოს.

გაზრდილი რისკების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი კერძო სექტორს რისკების გადაზღვევისკენ მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარიგებებში ჰეჯირების ინსტრუმენტების უფრო ფართოდ დანერგვისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე ახსენეს სავალუტო ფორვარდული გარიგებებია. ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, დღეს, განსაზღვრული კურსით, დაიდოს სავალუტო გარიგება, ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში.

ჰეჯირების სხვა ინსტრუმენტებია, სავალუტო სვოპი - ორი ვალუტის ერთდროულად ყიდვა და გაყიდვა მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით, სხვადასხვა ანგარიშსწორების თარიღებზე.

სავალუტო ოფციონები - ოფციონის მყიდველს ეძლევა უფლება (და არა ვალდებულება), რომ იყიდოს ან გაყიდოს კონკრეტული ვალუტა წინასწარ შეთანხმებული კურსით წინასწარ შეთახმებულ დროის პერიოდში ან წინასწარ შეთახმებულ თარიღზე, რისთვისაც ოფციონის მყიდველი იხდის შესაბამის ფასს.

ფორვარდს, ისევე როგორც ჰეჯირებას, აქვს კონკრეტული საფასური და თუ კომპანია ფიქრობს, რომ სავალუტო მერყეობით მისთვის მიყენებული შესაძლო ზარალი შეიძლება იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე თავად ფორვარდის დადების ტრანზაქციული ღირებულება, მაშინ ეს კომპანია მსგავსი გარიგების დადებისგან თავს შეიკავებს.

ამასთანავე, ცალკეული კომპანია შეიძლება ფიქრობდეს, რომ ფორვარდის მიერ დაწესებული პირობები მისთვის შემზღუდველი იყოს, ამიტომაც მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

როგორც ცნობილია, ჰეჯირების სხვადასხვა მექანიზმებს უფრო მეტად უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის ნავთობიმპორტიორები იყენებენ.

ქართულ საფინანსო ბაზარზე ფორვარდების რამდენიმე შეთავაზება არსებობს. მაგალითად, ევროს ფორვარდული გარიგების პირობები და 500,000 ევროიანი კონტრაქტის პირობითი აღწერა ერთ-ერთი კომერციული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება:

გარიგების მოცულობა - 500,000
მიმდინარე გაცვლითი კურსი: 1 EUR = 3.25 GEL
ფორვარდის მარჟა - 10% წლიური განაკვეთი
გარიგების ვადა - 2 თვე
ფორვარდის კურსი: 1 EUR = 3.2676 GEL, დაანგარიშების პრინციპი: (3.25 +3.25*10%/12*2)
ფორვარდული ფასი - 3.2676 კომპანიას სრულად აზღვევს სავალუტო კურსების ნებისმიერი შესაძლო ცვალებადობისაგან მომავალი ორი თვის განმავლობაში.

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ფორვარდული გარიგებების დაწყების შესახებ ეროვნულმა ბანკმა მათ რეკომენდაცია ბიზნესთან ერთი წლის წინაც გამართულ შეხვედრაზე მისცა. ჭყონიას თქმით, ვალუტის კურსზე დღეს როგორც იმპორტიორები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებიც არიან დამოკიდებული, რადგან ნედლეული, რითიც საქონელს აწარმოებენ, იმპორტულია. ამის მიუხედავად, ქართულ კერძო სექტორში ფორვარდების პრაქტიკა გავრცელებული არაა.

ივა ჭყონიას თქმით, დღეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს ასეთი კონტრაქტების დადებისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია.

"ფორვარდულ გარიგებებზე მცირე და საშუალო კომპანიებს გაუჭირდებათ წასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიდევ დამატებით პროცენტებზე არის საუბარი. ეს ხომ გარკვეულ პროცენტსაც მოიცავს. არიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც მას იყენებენ, მათ შორის საქმის კურსში ვარ, რომ ნავთობკომპანიები იყენებენ მას. წვრილი და საშუალო ბიზნესი, როგორიც არის დისტრუბუცია, ფორვარდებს უფრო ნაკლებად იყენებს. თავისთავად არის შემოთავაზებები, თუმცა ხელსაყრელი პირობები არ არის, ამიტომ ძირითადად თავს იკავებენ მისი აღებისგან. ფორვარდის დამატება აძვირებს პროდუქტს, მის თვითღირებულებას. თავად გარიგებაც ხომ ეს არის, საფასურს იხდი იმისთვის, რომ კურსს საზღვრავ,” - ამბობს ჭყონია.