მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიყვანა შსს-მ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი? - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

5cbc4d9cc99f3
თელარა გელანტია
21.04.19 15:00
1259
პანკისის ხეობაში ვითარება დაძაბულია.

საქმე იმაშია, რომ დღეს პანკისის ხეობაში კომპანიებმა - „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, რასაც ხეობის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

მოსახლეობა ქვებით და ხელკეტებით დაუპირისპირდა სამართალდამცველებს.

თავის მხრივ, სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს ისვრიან. გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც; არიან დაშავებულები.

Bm.ge დაინტერესდა - რატომ შეიყვანა შსს-მ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი, რაზეც ეკონომიკის სამინისტროში მოკლე განმარტება გააკეთეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ინვესტორი კომპანია იწყებდა ხადორი-3-ის მშენებლობას. კომპანიამ მოგვმართა, რომ მათი უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომები ყოფილიყო დაცული. ჩვენც, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის უწყებას ანუ შს სამინისტროს მივაწოდეთ“, - განმარტეს ეკონომიკის სამინისტროში.

როგორც ჩანს, ამის შემდეგ შს სამინისტრომ სამართალდამცველები, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანა ხეობაში.

შეგახსენებთ, დღის პირველ ნახევარში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე და ხეობის მოსახლეობას მოლაპარაკება შესთავაზა. პანკისელები კახა საბანაძის შეთავაზებას დათანხმდნენ. 7 ადგილობრივი თელავში მინისტრის მოადგილეს გაჰყვა.

ამ დრისთვის, თელავში შეხვედრა დასრულებულია, მაგრამ შედეგი, ჯერჯერობით, უცნობია.