მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იზრდება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი?

5ce2c7da4b393
დათო ჯალაღონია
20.05.19 20:40
1004
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აპრილში, ევროკავშირის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.2%-ით შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებთან კი, 3.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ცალკეული ქვეყნების მიხედვით საექსპორტო ბაზრებს, ამ მხრივ ისევ რუსეთი ლიდერობს, სადაც საანგარიშო პერიოდში 37%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამის შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი და ბულგარეთი. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი ევროკავშირიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს უმსხვილეს საექსპორტო ათეულშია.

რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შესახებ BM.GE-ისთან საუბრისას ეკონომისტი გიორგი ღაღანიძეს აღნიშნავს, რომ საქართველოს არც ახალი საექსპორტო პროდუქცია აქვს, რომ მეწარმემ ევროკავშირის ბაზარზე ნიშა მოძებნოს და არც მთავრობას აქვს ცალკეული ინდუსტრიების მიხედვით პოლიტიკის დოკუმენტი.

„პრობლემას უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: ახალი ბაზრების ათვისება შესაძლებელია ახალი საექსპორტო პროდუქტებით. თუ ჩვენ გავაანალიზებთ წლების განმავლობაში საქართველოს სასაქონლო ექსპორტის ჭრილს, ვნახავთ, რომ რეალურად ახალი საექსპორტო პროდუქტები არ იქმნება.

ახლახანს გამოქვეყნებული მაჩვენებლები ვნახოთ - ჩვენი ორი ძირითადი საექსპორტო არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები და ავტომობილები და ასევე, ეს არის ძირითადი საიმპორტოც. აქედან დასკვნა ხომ მარტივია, რომ ის რისი ექსპორტირებაც ხორციელდება, ეს რეექსპორტის ხარჯზე ხდება.

სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი სისტემა ვერ შეიქმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალი საექსპორტო პროდუქტების ფორმირებას. ახალი საექსპორტო პროდუქტების ფორმირების გარეშე დღევანდელ დღეს ახალი ბაზრების ათვისება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მათ ძირითადად სოციალური ეფექტი აქვს და საექსპორტო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევები მათი დახმარებით მოსალოდნელი არ არის.

„ის თანხები, რაც ამ პროგრამებში იდება, საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ გარკვეულ სოციალურ შედეგებს მოგვიტანს, მაგრამ არა - გარღვევას. ახალი საექსპორტო პროდუქტების შესაქმნელად საჭიროა, ქვეყანას ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინდუსტრიული პოლიტიკა. უნდა არსებობდეს კარგად გააზრებული დოკუმენტი, თუ სად გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, სად არ გვაქვს, რა გზით ვაპირებთ სიარულს, რა არის ჩვენი ინდუსტრიული პოლიტიკა და როგორ ვაღწევთ გარკვეულ მიზნებს. ამის გარეშე ცოტა რთულია. ბოლო პერიოდში პირველად მოვისმინეთ ახალი ეკონომიკის მინისტრისგან, რომ მას აქვს გარკვეული წარმოდგენა და ხედვა, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, როგორ გავააქტიუროთ ეკონომიკური ზრდა. ეს არის იმ აქტივების გამოყენება, რომელიც სახელმწიფოს ხელშია და ამას უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბმა ადგილობრივ რესურსზე“, - აღნიშნა მან.