მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გააუარესა Fitch-მა TBC-ისა და BOG-ის რეიტინგის პერსპექტივა - კობა გვენეტაძის პასუხი

5cb9ada817a51
BM.GE
19.04.19 15:32
1123
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს უმსხვილეს ბანკებს - "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის (IDR) პერსპექტივა გააუარესა. Fitch-მა მათი რეიტინგის პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამიცრა IDR-ი კი "BB მინუსზე" დაადასტურა.

Fitch-ის განმარტებით, პერსპექტივის ცვლილება კომერცულ ბანკებში სავალუტო სესხების ჯერ კიდევ დიდ წილსა და ფიზიკური პირების დაკრედიტების მაღალ ტემპს უკავშირდებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ამ მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე განმარტება გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ:

"რატომ გაუუარესა Fitch Ratings - მა ორ წამყვან ქართულ ბანკს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურამდე და გვჭირდება თუ არა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება?

მთავარი მიზეზი გასულ პერიოდში საცალო სესხების სწრაფი ზრდითა და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების შედეგად გამოწვეული რისკებია. დიახ, ეს სწორედ ის რისკებია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ აღნიშნული რისკების შესახებ, სადაც ვუთითებდით, რომ საცალო სესხების ზრდა მაღალი იყო და სათანადო, თუმცა არაპოპულარული, ზომებიც მივიღეთ.

#Fitch-ი პოზიტიურად აფასებს ჩვენ მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსა და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის 200,000 ლარის ქვედა ზღვარის დაწესებას, და მოელის, რომ ეს ღონისძიებები ბანკების მაღალრისკიან დაკრედიტებას ნაწილობრივ შეამცირებს.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში ბანკების რეიტინგის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ დოლარიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო, ეს რეიტინგებზე პოზიტიურად აისახება.

სხვათა შორის, Fitch-ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადების თანახმად, სწორედ იანვრიდან ამოქმედებული რეგულაცია გახდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. საყურადღებოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე ამოქმედებული რეგულაცია, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით დაწესდა, ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს.

ვაღიაროთ: რეფორმები პოპულარული გადაწყვეტილებებით არ ტარდება. რეფორმები მეტწილად არაპოპულარულ ნაბიჯებს მოითხოვს,"- წერს კობა გვენეტაძე.

Fitch-ი მიუთითებს, რომ სესხებში სავალუტო რისკის შეზღუდვის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების გაცემაზე შეზღუდვა დააწესა. კონკრეტულად კი 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე გაზარდა მინიმალური მოცულობა იმ თანხისა, რაც სავალუტო სესხის სახით შეიძლება გაიცეს.

Fitch-მა "თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" სხვა ქართული ბანკებიც შეაფასა. სააგენტომ "ლიბერთი ბანკის" გრძელვადიანი რეიტინგი "B+" დონეზე, ხოლო "პროკრედიტ ბანკის" კი "BB+" დონეზე, პროგნოზით "სტაბილური" დაადასტურა.

Fitch-ის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ქართული ბანკებისადმი და პროგნოზი შემდეგნაირია:

"პროკრედიტ ბანკი": BB+; სტაბილური
"ქართუ": B; სტაბილური
"ბაზისბანკი": B+; სტაბილური
"ჰალიკ ბანკი": BB-; პოზიტიური
"ლიბერთი ბანკი": B+; სტაბილური
"საქართველოს ბანკი": BB-; სტაბილური
TBC: BB-; სტაბილური

ბანკების საკრედიტო რეიტინგები მათ ფინანსურ მდგრადობასთან ერთად, დაკავშირებულია როგორც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგთან, ასევე მათი მფლობელი კომპანიის რეიტინგთან.

Fitch–ი საკრედიტო რეიტინგის საფეხურებს ლათინური ასოების შესაბამისად ყოფს, სადაც ყველაზე უარყოფითი შეფასებაა D, მაქსიმალური კი AAA. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, ის შეიძლება იყოს ნეგატიური, სტაბილური ან პოზიტიური.