მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჩანს სატელევიზიო ანძაზე რესტორნის გახსნის მსურველი – მერიის განმარტება

5d62edbf11319
დავით ჯალაღონია
26.08.19 11:00
10138
გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ ინვესტორებს სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი წარუდგინა.

ესტონური კომპანიის "კოკო არქიტექსტის" კონცეფციით მომზადებული პროექტის მიხედვით, ანძაზე ვიზიტორთა ცენტრი უნდა განთავსდეს, რომელიც ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი გაიხსნება, მეორე დონეზე კი – ღია პანორამული გადასახედი. მერია ინვესტორებს ანძის 25–წლიანი იჯარით გადაცემას გეგმავს.

როგორც BM.GE-ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დასაინტერესებლად ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ისინი პროექტის სირთულიდან გამომდინარე, განხორციელებისგან მაინც ჯერჯერობით თავს იკავებენ.

"ანძის პროექტზე არის ის ფაქტორი, რომ ეს არის რთულად განხორციელებადი პროექტი. ეს იყო ალბათ ფაქტორი, რადგან ირსკებს შეიცავს 65 მეტრ სიმაღლეზე ასეთი სამუშაოების შესრულება.

ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში, რაც აკეთდა, მოცემულია საინვესტიციო თანხები და თუ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზება, ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ. თუ ინვესტორი იტყვის, რომ მე განვახორციელებ ამ პროექტს, არ დამიჯდება 8 მილიონი და ნაკლები თანხა დამეხარჯება, ჩვენ ამაზე წამოვალთ. ჩვენ ღია ვართ ამ პროექტზე ბიზნესთან სასაუბროდ. რაღაც შუალედურ პირობებზე შევჯერდებით ბიზნესთან.

რამდენიმე ბიზნეს ჯგუფთან გვქონდა ამაზე საუბარი და მათ სურდათ, რომ ჩვენ ჩავდოთ თანხები. ჩვენ ამ ეტაპზე ამას არ განვიხილავთ და გვსურს, რომ ის კერძო სექტორმა განახორციელოს და ამ ტიპის პროექტებზე საბიუჯეტო თანხები არ დავხარჯოთ, თუმცა სამომავლოდ ვნახოთ, თუ კვლავ არ იქნება ინტერესი, შეიძლება რაღაც ნაბიჯებზე ვიფიქროთ", – განმარტა ანდრია ბასილაიამ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება პროექტზე ინტერესთა გამოხატვა.

ცნობისთვის: პროექტის თავდაპირველი პრეზენტაციისას მერიამ ანძის მოდერნიზაციის პროექტის ღირებულებად 10 მლნ აშშ დოლარი დაასახელა.