მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ აქვს ხადურის უწყებას პასუხი 7 თვის წინ პურის გაძვირების მიზეზებზე?

5d31d8bb9196f
ელენე გოგბერაშვილი
19.07.19 19:10
1185
პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის დავალებიდან 7 თვის შემდეგაც კონკურენციის სააგენტოს პასუხი არ აქვს კითხვაზე, რატომ გაძვირდა 2018 წლის დეკემბერში პური 10-15 თეთრით.

პრემიერმა მაშინ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას, შესაბამის უწყებას კი საკითხის მოკლე დროში შესწავლა დაავალა.

პრემიერის განცხადებას მალე გამოეხმაურა კონკრენციის სააგენტო და ითქვა, რომ ბაზრის მონიტორინგი დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ 7 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ სააგენტომ საკითხის შესწავლა ვერ დაასრულა.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური ჩვენთან საუბარში აცხადებდა, მათ ინფორმაცია გამოითხოვეს როგორც წისქვილკომბინატებიდან, ისე პურის საცხობებიდან. სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავდა როგორც კომპანიების წარმადობას, ისე რა ფასად ყიდულობენ ისინი ფქვილს ან ხორბალს, რა ფასად ყიდიან მზა პურს და ფქვილს და ა.შ

დღეს კონკურენციის სააგენტოში კვლავ ვერ ამბობენ, როდის გაეცემა პასუხი კითხვას, რა გახდა პურის გაძვირების მიზეზი 2018 წლის ბოლოს და ჰქონდა თუ არა ადგილი ბაზარზე არაკონკურენტულ თამაშის წესებს.

როგორც უწყებაში bm.ge-ს განუმარტეს, ბაზრის მონიტორინგი გრძელდება, რაც მოკვლევისგან განსხვავებით დროში შეზღუდული პროცესი არ არის.

"მონიტორინგის დროს ეკონომიკურ აგენტებს არ აქვთ ვალდებულება მოგვაწოდონ გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც აჭიანურებს საკითხის შესწავლას", - აცხადებენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ უკვე წარდგენილია პარლამენტში "კონკურენციის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტი, რომელიც სხვა ბევრ სიახლესთან ერთად, ეკონომიკური აგენტებისთვის ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულებას ითვალისწინებს.

გამოთხოვილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეეძლება ეკონომიკურ აგენტს ფინანსური სანქცია დააკისროს. ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის ხდება ფიქსირებული და განისაზღვრება 3000 ლარით. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარამდე გაიზარდება.