მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ხედავს ლევან ვეფხვაძე ჰესების მიმართ მოსახლეობაში პროტესტის შემცირების გზას?

5cbd975f4d3c5
ლიკა გურაბანიძე
22.04.19 14:32
722
„ჩვენ შეგვიძლია ის მოსახლეობა ვნახოთ, რომელიც კი არ დაზარალდა, არამედ კონკრეტული ჰესების აშენებით სარგებელი ნახა,“ - ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ "საქმის კურსს" განუცხადა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ის თანხები, რომელიც ქონების გადასახადს უკავშირდება, ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქონების გადასახადი უშუალოდ იმ თემში ან სოფელში დარჩეს, სადაც ობიექტი აშენდება.

„სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ის თანხები, რომელიც ქონების გადასახადს უკავშირდება, ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს იმისთვის, რომ მოსახლეობამ, ვისაც გარკვეული შემხებლობა აქვს ჰესებთან, კიდევ მეტი სარგებელი ნახოს, არა ერთჯერადად მშენებლობის დროს, სადაც დასაქმებულები არიან, არამედ - მრავალჯერადად, წლების განმავლობაში. 5 მეგავატიან ჰესზე ქონების გადასახადი 200-250 ათასი ლარია და თუ ჩვენ ამით მოსახლეობას სოფლის მეურნეობას და იმ პრობლემების მოგვარებას დავასუბსიდირებთ, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, მგონი, ეს პრობლემები აღარ იქნება და მოსახლეობა ჰესების მშენებლობას მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.