მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უკავშირებს GDI ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე მთავრობის გააქტიურებას?

5cc0451e42c57
ლევან თაღიაშვილი
24.04.19 15:30
1207
საქართველოს მოხმარებაში დომინანტი რუსული ხორბალი, შესაძლოა, ყაზახურმა ჩაანაცვლოს. საქმე იმაშია, რომ ყაზახეთში ვიზიტით მყოფი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, "ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ“.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ bm.ge დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ ყაზახური ხორბლის ფასი უფრო ხელმისაწვდომი იქნა, ვიდრე რუსული ხორბალი, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან იმ ბიზნეს სუბიექტებსა და კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც სახმელეთო გზით, ტრაილერებით რუსეთიდან ხორბლის იმპორტით არის დაკავებული.

ეს თემა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ენიჭებოდათ. მინისტრის ბრძანება სხვა გზებით ხორბლის საზღვარზე ტრანსპორტირებას კრძალავდა. 
 
როგორც ცნობილია, ივანე მაჭავარიანის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასულ ზაფხულს ტრაილერების მძღოლების დიდი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში მძღოლებმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის პარალიზება მოახდინეს. საბოლოოდ, ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა და ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 1 წლით გადაავადა.

მალევე, ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვაზე ფინანსთა მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციამ - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

GDI-ის შეფასებით, ივანე მაჭავარიანის ბრძანება კონსტიტუციის იმ მუხლებს არღვევდა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“.

როგორც bm.ge-ის GDI-ის იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, მათი საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ რეგისტრაციაშია, მაგრამ თუ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ადამიანებს ავტომობილებით ხორბლის იმპორტი აეკრძალათ, დიდი ალბათობით საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება.

ამასთან, მარიკაშვილის აზრით, ყაზახური ხორბლის საქართველოში იმპორტსა და ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვას შორის გარკვეული კავშირი შეიძლება არსებობდეს.

GDI-ის იურისტი ვარაუდობს, რომ ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანის ერთადერთი გზა რკინიგზაა, რაზეც ხელი მცირე რაოდენობის ბიზნეს სუბიექტებს მიუწვდებათ.

„ჩემი აზრით, ავტომობილებით ხორბლის აკრძალვასა და ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანას შორის არსებობს გარკვეული კავშირი; თანაც როდესაც ხორბლის ავტომობილებით შემოტანას კრძალავენ; ადამიანებმა შესაძლოა, მაღალი ფასის გამო, ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანაზე უარი თქვან და ამ შესაძლებლობას მხოლოდ ისინი გამოიყენებენ, ვინც ხორბლის რკინიგზით ტრანსპორტირებას შეძლებს. ამ საკითხში გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებსა და ბიზნესზეა ეს პროცესი მორგებული“, - აღნიშნა მან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველომ $114 მილიონის ღირებულების 507,000 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბლის მოცულობის 83% ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.