მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გააკეთოს საქართველომ პოსტკრიზისულ პერიოდში - ზურაბ ლალაზაშვილის მოსაზრება

5e8e085018f74
თამთა ჯიჯავაძე
08.04.20 21:15
2325
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. ამ კუთხით პირველი ვიდეოკონფერენცია უკვე გაიმართა ეკონომიკურ გუნდსა და ექსპერტებს შორის. მას ესწრებოდა BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილიც. როგორც მან bm.ge-სთან აღნიშნა, დღეს გამართული პირველი შეხვედრა ზოგადი სახის იყო .

„დღევანდელი შეხვედრის აზრი იყო, რომ დაგვეწყო მსჯელობა პოსტ კრიზისულ პერიოდში რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისათვის, რომ პირველ რიგში, სწრაფად დაბრუნდეს ეკონომიკა თუნდაც იმ მდგომარეობამდე, სადაც ის იყო კრიზისამდე და მეორე მხრივ, სად არის ის შესაძლებლობები, რომელსაც გამოვიყენებთ და რომელიც შეიძლება გამოჩნდეს მსოფლიო მასშტაბით ამ კრიზისიდან გამომდინარე.

ამ შეხვედრის იდეა არის ის, რომ გაკეთდეს რაღაცნაირი გეგმა და ამაში ვიყოთ ჩვენ ჩართულები. კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს, იმიტომ რომ ახლა იწყება ამ თემაზე მსჯელობა და იმედია, რომ გეგმას დროულად შევიმუშავებთ“, – აღნიშნა ზურა ლალაზაშვილმა.

ლალაზაშვილის თქმით, თუ როგორი ფორმით შემუშავდება გეგმა და როდის, ჯერ არ არის ზუსტად ცნობილი.

„მიმაჩნია, რომ ეს არის დროული, იმიტომ რომ ზუსტად ახლა უნდა დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე, თორემ შეიძლება, როდესაც დასრულდება კრიზისი და მერე დავიწყოთ ამაზე მსჯელობა, უკვე გვიანი იყოს... უბრალოდ ბევრი რაღაცა დამოკიდებულია ახლა იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს პანდემია, რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, სრული სურათი რომ გვექნება, მერე უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება ამ გეგმაშიც“, – აღნიშნა ლალაზაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები შეიძლება გაიმართოს ყოველკვირეულად.

„ჩემი მოსაზრება ზოგადად არის, რომ ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ ერთ–ერთი იმაზე, თუ სად ჩნდება შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის ქვეყნებმა შეიძლება ლოკალიზება გააკეთონ ძირითადი საწარმოების, რომ არ იყვნენ სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული და არ იყოს მიწოდების პრობლემა და ა.შ. ჩვენ ჩვენი თავი სად უნდა დავინახოთ და როგორი ტიპის ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ეს არის ძალიან მნიშვნელობა“, – ფიქრობს ზურა ლალაზაშვილი.

პირველ შეხვედრას დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ესწრებოდა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც.