26.მაისი .2019 19:15

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

views 454
უკან

აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს დამსვენებელს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

ბათუმის ახალ ბულვარში არსებულ საბავშვო კუთხეში პლასტმასის ატრაქციონებს ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისაგან დამზადებული ახალი საბავშვო ატრაქციონები ჩაანაცვლებს.

ბათუმის ძველ ბულვარში არსებული გედების ტბას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, მოეწყობა იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი.

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები მოეწყობა, რომელშიც ბავშვთა გამოსაცვლელი სივრცე განთავსდება.

გარდა ამისა, წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება.

სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.

ამასთან, სსიპ ბათუმის ბულვარის ინიციატივით, სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება. ასევე, ვიზიტორების უსაფრთხო გადაადგილებისთვის, 1 მაისიდან, ბულვარის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობა აიკრძალა.

წელს, მტირალას ეროვნულ პარკში მისვლა ტურისტებს ახალი, ასფალტირებული გზით შეეძლებათ, რაც ეროვნულ პარკამდე მისვლას კომფორტულს გახდის. სიახლეა ეროვნულ პარკშიც, სადაც ახალი ტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი გაიხსნა. სიახლე იქნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, სადაც სეზონისთვის ნეკერჩხლების პარტერი და საგანმანათლებლო სკვერი გაიხსნება.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს კი საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ტურისტული მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3–დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეუძლიათ: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული და ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტები.

მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები უკვე ორი წელია ტარდება.

საერთო ჯამში, წელს, აჭარაში ტურისტებს 390 განთავსების ობიექტი მოემსახურება, რომელიც ჯამში 23 143 საწოლ ადგილს ითვალისწინებს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა