მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში მიიღებენ სტარტაპები 650 000 ლარს?

5ce790ee448ae
ლევან თაღიაშვილი
24.05.19 12:00
1543
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ „საქმიან დილაში“ სტარტაპებისთვის შექმნილი ახალი საგრანტო კონკურსის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფო აქამდე ფიქრობდა, რომ 100 000 ლარიანი გრანტის მიღების შემდეგ სტარტაპს განვითარებისთვის შეეძლო ინვესტიცია კერძო სექტორიდან მოეძიებინა, თუმცა თავად სექტორი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მეორე საგრანტო კონკურსის შექმნა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა ცხადია კვლავ გრძელდება. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როგორც წესი ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი. სახელმწიფოს აზრით, ამ დროისთვის სტარტაპი უკვე მზად იყო მოეზიდა ინვესტიცია კერძო სექტორიდან, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სექტორი არ არის მზად, რომ ინოვაციურ პროდუქტში ფული ჩადოს. ამ მიმართულებით მათი წახალისებისთვის სახელმწიფომ შემდგომი ნაბიჯი გადადგა",- აცხადებს კასრაძე.

კასრაძემ გრანტის მიღების პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში პროექტი 1.3 მილიონი ლარის ღირებულების იქნება, საიდანაც ნახევარს სახელმწიფო დააფინანსებს, ნახევარს კი კერძო სექტორი, რომელსაც სტარტაპი მოიძიებს.

„თუ ინოვაციურ სტარტაპს 650 000 ლარის მოპოვება სურს, მან განაცხადი 1 300 000 ლარიან პროექტზე უნდა შემოიტანოს. საჭიროა ბიზნეს გეგმის გაწერა, მათ უნდა იცოდნენ, ეს თანხა განვითარების რა ეტაპზე გადაიყვანს სტარტაპს, ბაზრებზე გასვლაში როგორ დაეხმარება და ა.შ. საინვესტიციო საბჭოს მოწონების შემთხვევაში სტარტაპი სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ დაფინანსებას მიიღებს, პროექტისთვის საჭირო თანხის მეორე ნაწილი კი მან აუცილებლად კერძო სექტორიდან უნდა მოიძიოს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ინვესტორისგან, ვენჩურ ან ენჯელ ინვესტორისგან, სესხი ბანკიდან თუ მათი პირადი თანხა, ნებისმიერი ასეთი სახის კონტრიბუციას მივიღებთ საგრანტო პროექტის ფარგლებში. რაც მთავარია ეს გრანტის მიღებამდე დახარჯული თანხა არ უნდა იყოს, პროექტამდე ჩადებული ინვესტიციები მონაწილეს არ ეთვლება თანამონაწილეობად.“ - აცხადებს კასრაძე.