მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს საქართველო ტრანსნაციონალურ კომპანიებს

5d04f364ba5ce
ელენე გოგბერაშვილი
15.06.19 17:30
1660
„საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება“, - ეს ინიციატივა 2018 წლის 10 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.

საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი იმ კანონპროექტთა ნაწილია, რომელიც საბაჟო კოდექსთან ერთად არის წარდგენილი პარლამენტში.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი bm.ge-ისთან აცხადებს, დოკუმენტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია და დარჩენილია კენჭისყრის პროცედურა.
საერთაშორისო კომპანიებისთვის შეღავათები „საგადასახადო კოდექსის“ 23-ე მუხლშია გაწერილი.

კანონპროექტის მიხედვით, პირს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს საქართველოს მთავრობა ანიჭებს. დათქმა ასეთია, რომ საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება იყოს შექმნილი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

დღგ-ით დაბეგვრის მიზნისთვის საერთაშორისო კომპანიის მიერ არარეზიდენტისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ადგილად, საქართველო არ მიიჩნევა. ამასთან, საერთაშორისო კომპანიას არ აქვს დაქირავებული პირისათვის ხელფასის გაცემისას საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება.

გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საერთაშორისო კომპანიიდან დაქირავებით საქმიანობის შედეგად მიღებული უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის შემოსავალი, რომელიც არ არის ამ უცხო ქვეყნის რეზიდენტი და საქართველოს რეზიდენტია.

საერთაშორისო კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვით დაბეგვრის ობიექტია რეზიდენტი საწარმოს:

ა) განაწილებული მოგება;
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.

„კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება დაბეგვრის ობიექტის განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0,95-ზე გაყოფის შედეგად.

საერთაშორისო კომპანიას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარჯის საქართველოში გაწევის შემთხვევაში, უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი, ამ ხარჯის თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული გადასახადის ოდენობით.

საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა)გადასახადისგან, თუ ეს ქონება გამიზნულია ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის“-ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო შეღავათები ყველაზე მიმზიდველი მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის იქნება.

„ეს ბუნებრივად გამოდის ასე, რადგან საუბარია იმაზე, რომ კომპანიები რომლებიც უცხოეთში სერვისის ექსპორტის განმახორციელებლები არიან, მათ უნდა ჰყავდეთ მინიმუმ ორ ქვეყანაში შესაბამისი მომხმარებელი. ბუნებრივია, ამ სერვისით ინტერესის სფერო იქნება ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის, რომელთაც ჩამოყალიბებული აქვთ ბაზარი, რომ მომსახურება მიაწოდონ და ეს უნდა განხორციელდეს საქართველოდან“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.