14.აპრილი.2019 19:40
ეკონომიკა

რა პრობლემები აქვს საქართველოში მზის და ქარის ენერგიებს?

რა პრობლემები აქვს საქართველოში მზის და ქარის ენერგიებს?
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართულ ენერგოსისტემას საერთო ჯამში, 330 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების, 150 მგვტ კი – მზის სადგურების ინტეგრირება შეუძლია.

როგორც BM.GE–ს სსე–ს ელექტრული რეჟიმებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა არჩილ კოხტაშვილმა განუცხადა, მზის და ქარის ენერგიების ქსელთან მიერთების შეზღუდვებთან დაკავშირებით მოცემული პარამეტრები გერმანელ კონსულტანტებთან მუშაობის შედეგად დადგინდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ელექტროსისტემა ინტეგრაციის მაქსიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.

"პირველი, ეს არის ქარის პროგნოზირება. ამასთან დაკავშირებით, USAID-თან ერთად ვმუშაობთ, რათა სრულყოფილი იქნას ქარის პროგნოზირების სისტემები და მივიღოთ ზუსტი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ქარის გენერაცია. ეს აუციელებლია იმისთვის, რომ რეზერვები სწორედ დაინერგოს და მობილიზებული იყოს სისტემაში სადგურები, რომ თუ ქარი ამოვარდა, სიმძლავრეები მოიხსნას და თუ ქარი ჩადგება, სადგურებმა სიმძლავრე აიღონ", – განმარტა მან.

გარდა ამისა, სსე ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების საქართველოში დანერგვის სტრატეგიაზე მუშაობს. კერძოდ, არჩილ კოხტაშვილის განმარტებით, ამ სტრატეგიის მიხედვით დადგინდება, თუ ვინ, როგორ უნდა შეიძინოს ბატარეები, როგორ უნდა იქნას სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციაში ეს ყველაფერი აღწერილი და თუ საჭიროა, საკანონმდებლო დონეზე როგორ იქნას ცვლილებები შეტანილი, რათა საინტერესო იყოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე – სისტემისთვის.

"შემნახველი ბატარეების სისტემის დანერგვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუ ქარი ჩადგა, ბატარეები უზრუნველყოფენ გენერაციას და ამით სისტემის პარამეტრები, ისეთი როგორიც არის სიხშირე, არ გაუარესდება და თუ ქარი ამოვარდება, საკმარისი დამატებითი მოხმარება შეიქმნება და ამით დაბალანსდება სისტემა", – განმარტა მან.

კონკრეტულად მზის სადგურებს რაც შეეხება, არჩილ კოხტაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე, რადგან ქარისგან განსხვავებით, იმის პროგნოზირება, თუ როდის გადაეფარება მზეს ღრუბელი, უფრო რთულია.

"მზეს გააჩნია ასეთი თავისებურება – თუ ღრუბელი გადაივლის მზის სადგურის თავზე, გენერაცია რამდენიმე წამში 80%–მდე მცირდება, ანუ სისტემაში დეფიციტი წარმოიქმნება. ერთი ლოკაციიდან დაახლოებთ 10 მეგავატის ფარგლებში, დეფიციტებს სისტემა აიტანს, თუმცა შესაძლებელია 20, 30 და მეტი მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურების ქსელთან მიერთებაც, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან პატარა სიმძლავრის ბატარეები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ მყისიერად არ შეწყდეს გენერაცია ღრუბლის გადავლისას", – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ტექნოლოგია ვითარდება და იაფდება, ამიტომ მალე საქართველოში ინვესტორებსაც შეეძლებათ მათი ინსტალაცია.

"გარდა ამისა, ეს შეზღუდვა არის დაახლოებით 2021 წლამდე. ამის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ როგორ შეიცვლება სისტემის განვითარება – ვგულისხმობ იმას, რომ თუ მოხდება სისტემაში ისეთი სადგურების ინტეგრირება, როგორიც არის მაგალითად, "ხუდონჰესი" და "ნამახვანი ჰესი", რომელთაც აქვთ დიდი რეგულირების საშუალებები, ეს გარკვეულწილად გახსნის ახალ შესაძლებლობებს მზისა და ქარის ელექტროსადგურების ქსელთან უფრო მეტი ინტეგრირებისთვის", – აღნიშნა არჩილ კოხტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ქარის მხოლოდ ერთი – "ქართლის ქარის ელექტროსადგური" მუშაობს, რომლის სიმძლავრე 20 მგვტ–ია, მზის პირველი სადგურის მშენებლობა კი მიმდინარე წლის ბოლომდე, სოფელ უდაბნოში იგეგმება – დადგმული სიმძლავრით 5 მგვტ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

24.აპრილი.2019 18:08
75

რატომ ეწინააღმდეგება ფინანსური მონიტორინგის სამსახური სებ-ში დაბრუნებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:34
93

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
175

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
67

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
71

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
188

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად