მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

5d5fecb539678
BM.GE
23.08.19 17:40
2015
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის თანადაფინანსების მექანიზმი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მექანიზმს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს.

კერძოდ, სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას - უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

"თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, BM.GE პროგრამის ბიუჯეტის დაზუსტებისთვის სააგენტოს "აწარმო საქართველოში" დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ბიუჯეტი პროგრამის მიმართვიანობის მიხედვით დაზუსტდება.

სწორედ ამ პროექტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს ქობულეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლებს აცნობს.