28.აპრილი .2016 17:34

რა პერსპექტივა აქვს ბიტკოინს საქართველოში

views 1496
უკან

ინტერნეტის განვითარების პარალელურად, ქსელში მრავალი სხვადასხვა სერვისი შეიქმნა. თამაშები, ვაჭრობა და სხვა პროფილის საიტები ოპერაციებს ჩვეულებრივ ვალუტაში ახორციელებდნენ. თუმცა, მალევე შეიქმნა ვირტუალური ვალუტის მსგავსი შიდა მოხმარების ქულებზე დაფუძნებული სისტემები. მაგალითად: თუ მომხმარებელს სურდა, რომ მის საყვარელ ონლაინ თამაშში შეეძინა რაღაც, ამისათვის იგი რეალური ფულით ყიდულობდა თამაშში გამოყენებულ შიდა ვალუტას (ქულები, ოქრო ან რამე სხვა), რომლითაც შეეძლო სასურველი სერვისის შეძენა.
 
ვირტუალური ვალუტის შესაძლებლობები მალევე აღმოაჩინეს და იგი გაცდა ვიწრო წრეში გამოყენებას. ყოველივე ამის ნათელი დადასტურებაა ბიტკოინი. ეს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიული ვალუტა 2008 წელს შეიქმნა. მისი ავტორია სატოში ნაკამოტო – პროგრამისტი, რომელმაც წარმოადგინა ბიტკოინი, როგორც მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მის მიერ ბიტკოინის შექმნისას მთავარი მიზანი იყო რეგულირებისგან თავისუფალი ვალუტის შექმნა, რომელიც იქნებოდა მეტად დამოუკიდებელი და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული. ამ ვალუტაში თანხის გაგზავნა ერთი მომხმარებლიდან მეორესთან ყველა სხვა ვარიანტზე უფრო მოსახერხებელია, დაცულია ანონიმურობაც და თან საკომისიო მინიმალურია. გადარიცხვა წამებში ხდება.

ბიტკოინის კურსი არაა გამყარებული რეალური ეკონომიკით ან ოქროთი, მის ღირებულებას მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი არეგულირებს. ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა ნორვეგიელი კრისტოფერ კოხის შემთხვევა, მან 2009 წელს 27 დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა, შემდეგ კი გადაავიწყდა. 2013 წელს, როდესაც გაახსენდა და მისი ანგარიში შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ ადრე 27 დოლარის ექვივალენტი ბიტკოინი ახლა უკვე 886.000 დოლარის ტოლი გამხდარიყო. მოთხოვნის ზრდამ ბიტკოინის კურსი სწრაფი ტემპით გაზარდა. სწორედ კურსის ხშირი ცვალებადობა არის მისით თანხის გამომუშავების შესაძლებლობა, სწორ დროს ყიდვით ან გაყიდვით ადვილად შეიძლება თანხის მოგება.

ბიტკოინის პოპულარობამ მისი ფასი გაზარდა. გაზარდა ასევე მისი ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამოყენებაც. აქამდე თუ მას ეჭვის თვალით უყურებდნენ საფინანსო ინსტიტუტები, ახლა ისინიც ჩართულნი არიან ბიტკოინით ვაჭრობაში. ზოგიერთ ქვეყანაში დაიდგა ბიტკოინის ბანკომატები, ათასობით სავაჭრო ობიექტმა კი შესაძლებელი გახადა მისით ანგარიშწორება.

საქართველოც არ ჩამორჩა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. უკვე დაინერგა გადარიცხვისა და კონვერტირების სისტემა, რაც მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაშიც აძლევს ამ პროდუქტით სარგებლობის საშუალებას. ასევე უკანასკნელ პერიოდში შეიქმნა უამრავი ვებ-გვერდი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დააგროვონ ვირტუალური ვალუტა მარტივად. ბიტკოინის ფულად ერთეულს წარმოადგენს ე.წ. სატოში, რომელიც უდრის ბიტკოინის ღირებულების ერთ მემილიონედს. სხვადასხვა საიტების თვალიერებით და მარტივი ქაფჩების შევსებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიმუშავონ ბიტკოინები და გარკვეული დროის ინტერვალებში მიიღონ საჩუქრად 400–დან 10 000–მდე უფასო სატოშები, რისთვისაც პირველ რიგში უნდა შეიქმნას ონლაინ საფულე, რაც საკმაოდ იოლი პროცედურაა.

ორიოდე წლის წინ კი კომპანია "ბიტფურის" მიერ საქართველოში ორი ბიტკოინის შემქმნელი დატა-ცენტრი გაიხსნა, ერთი გორში, მეორე კი თბილისში. ამგვარად საქართველომ ტექნიკური განვითარების მხრივ საკუთარი სიტყვა თქვა მსოფლიო ბაზარზე.

იმის შესახებ, თუ რამდენად დამკვიდრდა საქართველოში ბიტკოინის მოხმარება, როგორ მუშაობს დატა-ცენტრი და რა მომავალი აქვს ამ ვალუტას, კომენტარი გააკეთა იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორმა და ფინანსისტმა, ეფრემ ურუმაშვილმა – "მეგა დატა-ცენტრი, რომელიც აშენებულია თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამჟამად რთული სათქმელია, რამდენად დამკვიდრდა საქართველოში ბიტკოინი. დატა-ცენტრი, რომლის საშუალებითაც ბიტკოინისა და "ბლოკჩეინის" მხარდაჭერა ხდება საქართველოში, თავად ფაქტად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესაა მომავლის ვალუტა და მას დიდი პერსპექტივები აქვს. როგორც ბოლო დროის ტრენდი გვიჩვენებს, ფასი აქვს მეტად მზარდი. ექვს თვეში ორჯერ გაიზარდა ღირებულება, იყო 218 დოლარი, ახლა კი 450 დოლარია. ამიტომაც გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ რომ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამიტომაც ვთვლით რომ იგი უფრო მყარი და მზარდი ვალუტა გახდება დროთა განმავლობაში".

საკითხთან დაკავშირებით, ბიტკოინის პერსპექტივებზე და მის შესაძლებლობებზე ქართულ რეალობაში, ასევე გვესაუბრა `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას პრეზიდენტი, შოთა გულბანი: – `ვფიქრობ საქართველომ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა, ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ, ბიტკოინების, ამ ვირტუალური ვალუტის არსებობას, მინიმუმ ხელი არ უნდა შეუშალოს. ზოგადად ქართველ ხალხს შესწევს უნარი იმისა, რომ მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროგრესს "ფეხი აუწყოს", ამისთვის დღეს ყველანაირი პირობა არსებობს, როგორც ადამიანური რესუსრესბის მობილიზების კუთხით, ისე ტექნიკური საკითხების გადაწყვეტით. ამაზე კომპანია `ბიტფურის~ მიერ საქართველოში ორი მეგა დატა ცენტრის დაფუძნებაც მეტყველებს, რომლებიც ამ სფეროს განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. რადგან ეს ორი ცენტრი დაფუძნდა, ეს გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ ბიტკოინებზე ქართველი საზოგადოების მხრიდან უკვე არსებობს მოთხოვნა და ხდება მისი აპრობირება, შეინიშნება გარკვეული ტრანზაქციები და მომხმარებლები ფულსაც გამოიმუშავებენ. მოგეხსენებათ რომ ბიტკოინის ღირებულება ცვალებადია, შესაბამისად მისი ფლობა აუცილებლად არ განაპირობებს მოგების მიღებას, ჩვენ ვიცით, რომ მის სიმყარეს მოთხოვნა განაპირობებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი მომხმარებელი გაჩნდება ამ სივრცეში, სავარაუდოდ მისი ღირებულებაც მოიმატებს, რადგან ის რაოდენობაში შეზღუდულია და დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობაზე, რომლებსაც საკუთარი ბიტკოინების ანგარიშები გააჩნიათ.

მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი გაიზარდოს, ვინაიდან ეს არის ვალუტა, რომელიც სავსებით შესაძლებელია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყიდვა–გაყიდვის პროცესში ვიხმაროთ. ამის წინაპირობები და რეალური შესაძლებლობა უკვე არსებობს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იმანის ელექტრონული საფულის მეშვეობით, იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ ბიტკოინები. საკმაოდ მიმზიდველს ხდის ბიტკოინებით ვაჭრობას მისი დაცულობა, ანუ მოქალაქეების ანგარიშების ანონიმურობა. აგრეთვე საბანკო ანგარიშის გარდა, სხვა ანგარიშის არსებობაც გარკევულწილად კომფორტის შემქმნელია, თუმცა ჩემი რჩევა იქნებოდა მომხმარებლებისადმი, რომ ნუ შეინახავენ ბიტკოინებს ხანგრძლივი ვადით, გამოიყენონ ტრანზაქციებისთვის, ვინაიდან საკომისიო საკმაოდ დაბალია საბანკო გადარიცხვებთან შედარებით, ასევე მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, სანამ გადაწყვეტენ, რომ ამ პროდუქტით ისარგებლონ.

"ბანკები და ფინანსები" 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა