მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

5d37055bb9049
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.19 19:00
2163
2019 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში სტანდარტული ნომრის საშუალო ფასმა 448 ლარი შეადგინა. PMCG Research-ის კვლევის მიხედვით, თბილისში სტანდარტული ნომრის ფასი 618 ლარს შეადგენს, აჭარაში - 384 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 417 ლარი, კახეთში კი - 369 ლარია. 

რაც შეეხება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასს, ის 232 ლარს შეადგენს, სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომრის ფასი კი, საშუალოდ 137 ლარის ტოლია. 

PMCG-ის სასტუმროების ფასების ინდექსი 2019 წლის ივნისში, 2018 წლის ივნისთან შედარებით, 2.9%-ით შემცირდა, რაც პრაქტიკულად, ყველა კატეგორიის სასტუმროს ნომრის ღირებულების შემცირებას უკავშირდება. ზრდა მხოლოდ საოჯახო სასტუმროს კატეგორიაში დაფიქსირდა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული სასტუმროების და სხვა ტიპის განთავსების ობიექტების (სასტუმრო სახლი და სხვა) ნომრების საშუალო რაოდენობა ძირითადად 20-ზე ნაკლებია. 21 და მეტი ნომერი ქვეყანაში მხოლოდ 412 სასტუმროშია. მათგან 130 აჭარაში, 127 კი თბილისშია რეგისტრირებული.
სულ საქართველოს სასტუმროებში და სხვა ტიპის დაწესებულებებში 35,935 ნომერია, ამ ნომრებში საწოლების საერთო რაოდენობა კი 88,015-ს შეადგენს. შესაბამისად, სრული დატვირთვის შემთხვევაში, სწორედ ამდენი ვიზიტორის მიღება შეუძლია საქართველოს ტურისტულ სექტორს ერთდროულად. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო წლებში საქართველოს კიდევ არაერთი 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატება. მათ შორისაა ბათუმის Le Meridien (110 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Hilton Garden Inn (165 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Radisson Park Inn (200 ნომერი, დასრულება 2019 წელს), თბილისის Pullman Hotels & Resorts (226 ნომერი, დასრულება 2019), თბილისის Marriott Autograph Collection (220 ნომერი, დასრულება 2019 წელს).