მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა – პროექტის ღირებულება 19 მლნ ლარია

5d5fac0149a7d
BM.GE
23.08.19 15:10
922
მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ახალი ოთხ–სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

"მუზეუმის მშენებლობის პარალელურად უკვე დაიწყო არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები მუზეუმის აღჭურვასთან დაკავშირებით", – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.