15.ივლისი .2019 23:10

რა ბიზნესის გაბრაზებაზე ვსაუბრობთ? ეს ხომ მონათმფლობელობაა?! - დეპუტატი "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე

views 448
უკან

მალე ბიზნესი თვითონ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ დასაქმებულს ვეღარ იპოვის, იმიტომ, რომ ამ პირობებში აღარავინ აღარ იშრომებს, - ამის შესახებ bm.ge-ს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომელმაც შრომის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

კანონპროექტით, უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. მისი მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის შესაბამისი სახელფასო დანამატების გაცემა მოუწევთ. ასევე წესდება ლიმიტი - დასაქმებული არ შეიძლება კვირაში 6 დღეზე მეტს მუშაობდეს.

“თუ გადავხედავთ ჩვენს ეკონომიკას, დაბალკვალიფიციური სერვისის ეკონომიკა ჭარბობს სხვა ეკონომიკურ დარგებს. ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც სუპერმარკეტებში მუშაობენ და ძალიან მძიმე პირობებში უწევთ მუშობა გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად დაურეგულირებელია მათი სამუშაო საათები, არ ხდება მათი ზეგანაკვეთური ანაზღაურება. ასევე, რაც მთავარია, მათ მიერ გაწეული სამუშაო ტვირთი საერთოდ არ შეესაბამება მათ ანაზღაურებას. ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს. სამართლიანი უნდა გახდეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა”,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი შეფასებით, ასეთ კომპანიებში საკმაოდ მაღალია სამუშაოს დატოვების მაჩვენებელი მძიმე შრომის გამო.

“ეკონომიკის სტრუქტურაა ძალიან მანკიერი. ეკონომიკა, სადაც ჭარბობს ტურიზმის სექტორი და დაბალკვალიფიციური ტურიზმის სექტორი, ის ეკონომიკა არ არის. ამ სექტორებში მოგება ხომ არსებობს? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი, რომელიც შრომობს, მის შრომას ჰქონდეს აზრი.

ადამიანი, რომელიც ოჯახს ვერ ნახულობს იმიტომ, რომ 16 საათს მუშაობს. რა აზრი აქვს მისთვის შრომას, როცა 300 ან 400 ლარი აქვს ხელფასი?!

ფეოდალიზმის ხანაში ვცხოვრობთ, ასე ვერ გაგრძელდება. ამოიწურება მოსახლეობაში მალე ენერგია, რომ მოემსახუროს ბიზნეს-ინტერესებს...

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მუშაობს ზეგანაკვეთურად და იღებს საარსებო მინიმუმზე ნაკლებს. რა ბიზნესის გაბრაზებაზე ვსაუბრობთ? ეს ხომ მონათმფლობელობაა?!”, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.