მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

5d0a55e7b3100
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.19 19:27
1562
ჰააგაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნიდერლანდების მთავრობების ორგანიზებით, გამართულ გლობალურ ენტერპრენიორობის სამიტზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისაუბრა იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში მეწარმეობის განვითარებას აფერხებენ.

140 ქვეყნიდან მოწვეული ბიზნესების, უმსხვილესი ინვესტორებისა და რამდენიმე ათეული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლობით გამართული სამიტის მიზანს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 

3 მიზეზი, რაც მეწარმეობის განვითარებას აფერხებს:

“მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ, რაც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, რათა მეწარმეებისა და მოქალაქეების კეთილდღეობა გაიზარდოს. 

მინდა ამ სამიტზე წარმოდგენილ მთავრობის წარმომადგენლებს მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული აქ შეკრებილი მეწარმეებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. სწორედ ეს პირობები არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი მეწარმეობა არსებობდეს. ჩვენ - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნიდერლანდებში ეს პრინციპები კარგად გვესმის და მათი მარტივად ფორმულირება ასე შეგვიძლია. 

პირველი - მეწარმეებს სჭირდებათ საკუთრების უფლება, როგორც ფიზიკური საკუთრების, ასევე ინტელექტუალური საკუთრების. ამ ფუნდამენტური უფლების გარეშე, უფლების, რომელსაც ბევრი თავისთავადად მიიჩნევს მეწარმეების, ინოვატორებისა და ენტერპენიორების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. საკუთრების უფლება განსაზღვრავს იმ სურვილსა და მოტივაციას, რაც ინოვატორებს ამოძრავებთ შექმნან ახალი ტექნოლოგიები და სისტემები. 

როგორც სტივ ჯობსი ამბობდა, “ თუ ინტელექტუალური საკუთრების დაცულობა მილევას დაიწყებს, მაშინ ასეთივე მილევად რეჟიმში გადავლენ კრეატიული კომპანიები, ახალი კომპანიები კი უბრალოდ არ დაფუძნდება.”

საკუთრების უფლება არის ფუნდამენტი ნებისმიერი წარმატებული ეკონომიკისთვის.

მეორე, რაც მეწარმეებისთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ეს კანონის უზენაესობაა. საკანონმდებლო სისტემა, რომელიც არის წინასწარ განჭვრეტადი და თანდმიმდევრული, ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, ასევე ქმნის ლეგალურ ჩარჩოებს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. ეს წესები აუცილებელია მათ შორის მომსახურებისა და პროდუქციის გაცვლისთვის. თუ ეს პირობები არ არსებობს, მაშინ ქვეყანაში მეწარმეობა ვერ განვითარდება. 

სანამ საჯარო სექტორში გადავიდოდი, იქამდე მეწარმე ვიყავი, წარმოების სექტორში დაარსებული მაქვს მცირე ზომის კომპანია.  ჩემი ბიზნესისთვის, მისი არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ცოდნა, რომ ერთ დღეს მთავრობა არ შეცვლიდა იმ ძირითად წესებს და ბიუროკრატიულ ნორმებს, რომლებიც ჩვენ საქმიანობას არეგულირებდნენ. ჩემი ბიზნესი, სამართლიანი თამაშის წესებსა და ამ წესების დროთა განმავლობაში მდგრადობაზე იყო დამოკიდებული. 

დღესაც, დედამიწის გარშემო, ვხდებით ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც მთავრობებს შეუძლიათ მოიპარონ ბიზნეს იდეები და საკუთარი ბიზნესები დააფუძნონ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ასეთ სისტემაში შექმნილი პროდუქტი, თუ მომსახურება ურბალოდ ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რისი გაკეთების შესაძლებლობასაც თავისუფალი საზოგადოება იძლევა.

ზუსტად ასეთივე სხვაობაა ამ რეჟიმების მამოძრავებელ მოტივებსა და თავისუფალი საზოგადოების მამოძრავებელ მოტივაციებს შორის. მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიისა და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი შეიძლება მმართველმა ძალამ ცალკეული რეგულაციები და ბარიერები არა ეკონომიკური, არამედ ვიწროდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აღმართონ, არც ეს გზა მუშაობს.

მესამე - მესამე საკმაოდ ცხადია, სახელმწიფოებმა ბიზნესების გაგუდვას თავი უნდა დაანებონ. პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებით ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უარი ვთქვით უსარგებლო რეგულაციებზე. შევამცირეთ მოგების გადასახადი, სწორედ ამიტომ, ამერიკულ კომპანიებს გაუჩნდათ სურვილი გაეზარდათ შიდა ინვესტიციები.

ამ რეფორმის ეკონომიკური შედეგები კი თვალსაჩინოა, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დადებით და ნორმალურ მაჩვენებლად 2%-იანი ზრდა ითვლებოდა. უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მცირეა, მცირე ბიზნესების მიერ შექმნილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 45 წლიან მაქსიმუმზეა.

ჩვენ ამ მიღწევებით ვამაყობთ, სწორედ ამ ძირითადი მიზეზების გამო ვფიქრობთ, რომ მუშაობს ამერიკის ეკონომიკა და ვიცით, რომ ასეთივე მიდგომა ყველა ქვეყანაში იმუშავებს.”